Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი რაკეტების გამოცდას განაგრძობს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდება რაკეტის გამოცდას
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდება რაკეტის გამოცდას

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ისროლა კიდევ ორი რაკეტა - ამის შესახებ სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტი იუწყება. რაკეტების გაშვებას ადასტურებენ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებიც. ერთ-ერთმა მათგანმა CNN-ს უთხრა, რომ წინასწარი შეფასებით, ფხენიანმა გამოსცადა მოკლე მანძილის ორი ბალისტიკური რაკეტა.

ამავე ტიპის რაკეტები ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა 25 და 31 ივლისსაც. ორივე გამოცდას პირადად აკვირდებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ფხენიანში განაცხადეს, რომ ეს არის გაფრთხილება სამხრეთ კორეაში აშშ-თან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო.

2018 წლის ივნისში, სინგაპურში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ფხენიანმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ აიღო ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტის ვალდებულება.

კონკრეტულ პირობებზე მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ 2019 წლის თებერვალში, ვიეტნამში მოლაპარაკებისას, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

2019 წლის ივნისში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ნეიტრალურ ზონაში. ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG