Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩალიკაშვილი: მძინარე შვილი მომიკლეს, მის ადგილას მორისი დავაყენე და ისიც ციხეში გაუშვეს


პროტესტის 44-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა. გადაცემაში „სირცხვილია“ მისმა წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა მიკროფონი სწორედ მას დაუთმო და ჰკითხა, რა მოხდა რეალურად მის ძმიშვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც 20-21 ივნისის საქმე პოლიციამ დააკავა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლებას სურდა, მათი პროვოკაციაზე წამოგება იყო. თუმცა, მისი სიტყვებით, გარშემო ყველგან სათვალთვალო კამერებია და მარტივად შეუძლიათ გადაამოწმონ, დაარღვია თუ არა ჰუსეინ მორის მაჩალიკაშვილმა კანონი.

„მორის მაჩალიკაშვილი ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ სახელმწიფოში არსებული ყველა კანონი დაეცვა. ჩემსა და ზაზას (სარალიძეს) და პოლიციელებს შორის მუდამ ის იდგა ხოლმე. არასდროს სიტყვითაც კი, შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციელებისთვის და ეს მათაც კარგად იცოდნენ. თავადაც თავაზიანად ეპყრობოდნენ მას, რადგან იცოდნენ, რა ხასიათის ახალგაზრდაც იყო“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ იმ 500 დღის განმავლობაში, რაც ის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სამართლის პოვნას ცდილობს, მისი ძმისშვილი სულ მის გვერდით იდგა. იმ ღამით კი, 20 ივნისს, როგორც ყველა, ისიც გამწარებული იყო გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენით.

„და ეს იმიტომ, რომ ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ, აქ გაზრდილ-დაბადებულები, აქაური ტრადიციებით, სხვა ქვეყნიდან ჩვენ არაფერი მოგვიტანია. მადლობა ამისთვსი საქართველოს, მაგრამ რატომაც დღეს გვებრძვიან, ამას უკვე აღარ ვიცი რა დავარქვა“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ყვება, რომ 20 ივნისის ღამით ჰუსეინი მას გვერდიდან არ მოსცილებია. ისინი წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და პირველი ტყვიებიც სწორედ მორისს მოხვდა. შემდეგ თავადაც დაშავდა და სწორედ მორისი გაჰყვა საავადმყოფოში.

„კარგად ვიცით რატომ არის მორის მაჩალიკაშვილიდ დაკვებული. მაგრამ მე ამასაც გავუძლებ. სირცხვილი იმ ადამიანებს, ვინც ასე უღმერთოდ ექცევიან მორისს. ეს რა ხდება ჩემი ოჯახის გარშემო?“.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მორისი ერთ-ერთია პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაკავებულ ადამიანებს შორის.

„ჩემი საქმე წასულია, არაფერი ეშველება ამას. თუ კარგი მთავრობა მოვა, ეს თქვენთვის იქნება. მე ვისურვებდი, რომ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა. დღეს ჩემი გადმოსახედიდან ხელისუფლება რუსეთისკენ მიექანება, ამიტომ, ყველამ ამოიღეთ ხმა!“.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას ხელისუფლებამ მძინარე შვილი მოუკლა და ვინც მის ადგილას დააყენა, ის ციხეში ჩასვეს: „ამას არანაირია ხსნა არა აქვს. ასეთი რამ არ გამიგია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე კი გრძელდება გადაცემა „სირცხვილია“, რომლის სტუმრები არიან დავით უსუფაშვილი და ელენე ხოშტარია. მთავარი თემა კი პროპორციული საარჩევნო სისტემაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG