Accessibility links

ახალი ამბები

ოპოზიცია მოსკოვში კვლავ გეგმავს აქციის გამართვას

მოსკოვში ოპოზიციის მომხრეები 3 აგვისტოს კვლავ აპირებენ ქუჩაში გასვლას, მიუხედავად ქალაქის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად "ყველა საჭირო ზომას გაატარებენ".

რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები იმართება მას შემდეგ, რაც ივლისში ადმინისტრაციამ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატს უფლება არ მისცა კენჭი ეყარა სექტემბერში დანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებზე.

ბოლო აქცია, 27 ივლისს, პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და 1400-მდე დემონსტრანტი დააპატიმრა. პატიმრობას და ჩხრეკას დაექვემდებარა მოსკოვის საქალაქო სათათბიროში არჩევის რამდენიმე პოტენციური კანდიდატიც.

2 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო პროკურატურამ გამოაცხადა, პოლიცია გაატარებს "ყველა საჭირო ზომას პროვოკაციების, არეულობის და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი მოქმედების აღსაკვეთადო" და დასძინა, რომ 2 აგვისტოს, მოსკოვის ცენტრში, არასანქცირებული საჯარო ღონისძიების გამართვის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს "კანონის პირდაპირ დარღვევას".

ყველა ახალი ამბავი

საგარეო უწყება: აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე გერმანელების მეთვალყურეობა არაოფიციალურია

„რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევენ გერმანელი და ავსტრიელი მეთვალყურეები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. სააგენტო იტყობინება, რომ აფხაზეთში საგანგებოდ ჩავიდნენ: გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი შტეფან კოიტერი, ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი და ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

„იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ჩვენ ვიყავით, არჩევნები მართლაც დემოკრატიულად მიმდინარეობს, წნეხის გარეშე. განწყობა ყველგან მშვიდი და კეთილგანწყობილი იყო. უხეში დარღვევები არ შეგვინიშნავს“, - „რია ნოვოსტი“ კოიტერის სიტყვებს ციტირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანელი დეპუტატების აფხაზეთში ჩასვლა ვერ ჩაითვლება გერმანიის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტად. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ უთხრა „ინტერპრესნიუსს“, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ გერმანელებს არა აქვთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის ლეგიტიმაცია.

„გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში გერმანიიდან დამკვირვებლების ჩასვლის შესახებ, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება ოფიციალურად, რადგან კერძო ვიზიტით იმყოფებიან აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებას, მათ არ აქვთ არანაირი რწმუნება და ვერც ექნებათ სახელმწიფო უწყებიდან ამ „არჩევნებში“ რაიმე ფორმით დამკვირვებლად წარმოდგენაზე.

მოგეხსენებათ, რომ როდესაც სადამკვირვებლო მისიაში იმყოფება ესა თუ ის პირი, მას პირველ რიგში საკუთარი სტრუქტურიდან, ორგანოდან უნდა ჰქონდეს რწმუნება და ოფიციალურად უნდა იმყოფებოდეს იქ. მაგრამ ასე ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან წინასწარი კომუნიკაცია გვქონდა ყველა დედაქალაქში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებზე ინფორმაციამაც აფხაზურ პრესაში გაიჟღერა.

მივიღეთ პრევენციული ზომები და პარტნიორი ქვეყნები გავაფრთხილეთ, რომ არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი ქმედება. რაც შეეხება ჩინეთიდან დამკვირვებლების ყოფნას, ამას ამ მომენტისთვის ვერ დავადასტურებთ, არ არის ასეთი ინფორმაცია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

კონსტანტინიდი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები დღეს (25 აგვისტოს) იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს რამდენიმე ათეული მეთვალყურე ჰყავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული და დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული რეგიონების წარმომადგენელთა გარდა, მეთვალყურეთა შორის არიან ასევე წარმომადგენლები ბელორუსიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან.

ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა ბრანდენბურგის ჭიშკართან კირილ პეტრენკოს დირიჟორობით დაუკრა

ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსეთში დაბადებული 47 წლის კირილ პეტრენკოს, დირიჟორობით შეასრულა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ღია ცის ქვეშ.

კონცერტი მიეძღვნა ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავს. ბეთჰოვენის კონცერტის მოსასმენად ისტორიულ ადგილს 35 ათასი ადამიანი ეწვია.

შილერის „სიხარულის ოდას“ ბოლო საგუნდო ნაწილის დასრულების შემდეგ მსმენელებმა აღფრთოვანება გამოხატეს პეტრენკოს და ორკესტის მიმართ.

პეტრენკო ორკესტრის 137-წლიანი ისტორიის მანძილზე მეშვიდე ხელმძღვანელია. ებრაული წარმოშობის მუსიკოსი რუსეთში, ომსკში დაიბადა მუსიკოსების ოჯახში, რომელიც 1990-იანებში ავსტრიაში გადასახლდა.

როცა 2014 წელს რუსეთის არმიამ ყირიმი დაიკავა და კრემლის მიერ ნახევარკუნძულის ანექსია მოხდა, პეტრენკო გამოვიდა მოწოდებით, მოგვარდეს კრიზისი იმგვარად, რომ პატივის სცენ უკრაინის სუვერენიტეტს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და პირველად გაისროლა დემონსტრანტების წინააღმდეგ

25 აგვისტოს ჰონგ-კონგის პოლიციამ სამი თვის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში პირველად გამოიყენა წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, ერთმა თანამშრომელმა გაისროლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს.

ეს იყო პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ღამე ბოლო სამ თვეში.

დემონსტრაცია ცუნ ვანის რაიონში გადაიზარდა შეტაკებაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ ოლქში, ჰონგ-კონგში, გამოსვლები დაიწყო 11 კვირის წინ, მოწოდებით გაეუქმებინათ კანონპროექტი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილების ჩინეთისთვის მარტივად გადაცემას დააკანონებდა. შემდგომში გამოსვლები გაფართოვდა და მოთხოვნები გაიზარდა, რასაც მოჰყვა ჩინეთის მუქარა, რომ გულხელდაკრეფილი არ იქნებოდა.

ჰონგ-კონგის სუპერინტენდენტმა ლუნგ კოკ ვინმა განუცხადა ჟურნალისტებს, ერთმა კოლეგამ გაისროლაო. მისი თქმით, ეს იყო უნიფორმიანი პოლიციელი.

არ არის გარკვეული, ვის ესროლა სამართალდამცველმა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან.

25 აგვისტოს პოლიციამ განაცხადა, რომ შეტაკებებისას დააკავა 29 პირი.

ირანელმა ქალებმა ნებართვა მიიღეს, დაესწრონ საფეხბურთო მატჩს თეირანში

ირანი ნებას დართავს ქალებს, დაესწრონ კაცებს შორის ფეხბურთის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო თამაშს ოქტომბერში. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ირანის სპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯამშიდ თაღიზადემ.

16 ოქტომბერს, თეირანს უდიდეს "აზადის" სტადიონზე ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ნაკრები კამბოჯის გუნდს ეთამაშება.

ფიფას პრეზიდენტმა ჯიანი ინფანტინომ წერილი გაუგზავნა ივნისში ირანის ფეხბურთის ფედერაციას, რომ უნდა გადადგას ამ მხრივ „კონკრეტული ნაბიჯები“, თორემ სანქციებს დაუწესებენ. მას არ დაუზუსტებია, როგორ დასჯიდნენ ირანს მისი მოთხოვნის შეუსრულებლების შემთხვევაში.

ირანის ხელისუფალთა მტკიცებით, ქალებს სტადიონებზე შესვლა ეკრძალებათ, რათა არ ისმინონ უცენზურო სიტყვები, და რათა არ გახდნენ კაცების მხრიდან ლანძღვის მოწმე.

ათწლეულების განმავლობაში ეს აკრძალვა უქმდებოდა ხოლმე ქალების რჩეული ჯგუფებისთვის.

გასულ თვეში ირანის საპატიმროდან გაუშვეს ოთხი ქალი, რომლებიც კაცებად გადაცმულები შეიპარნენ სტადიონზე, იტყობინება Human Rights Watch.

ზარიფი "დიდი შვიდეულის" შეხვედრის ქალაქ ბიარიცში ჩავიდა

მოჰამად ჯავად ზარიფი და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ​ემანუელ მაკრონის თქმით, ის აპირებს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ კვირებში, რათა შეეცადოს, შემცირდეს დაძაბულობა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

„დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სამდღიან სამიტს აგრძელებენ. სამიტის მთავარ თემებს შორისაა ირანის ბირთვული პროგრამა.

ემანუელ მაკრონის თქმით, „გუშინ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს ირანის გარშემო და გამოიკვეთა ორი მიმართულება: „დიდი შვიდიანის“ არც ერთ წევრს სურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრი ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა.

მაკრონი პარიზში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს სამიტამდე ორი დღით ადრე.

25 აგვისტოს, მაკრონის განცხადების შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოჰამად ჯავად ზარიფი ბიარიცში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლოდრიანის მიწვევით. სამინიტროს წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლებთან ბიარიცში არ არის დაგეგმილი.

ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მაკრონს დავალება მისცეს, „მოლაპარაკებოდა ირანს და გადაეცა გზავნილი“ მისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობა.

მაკრონმა უარყო ეს ცნობა და თქვა, რომ „დიდ შვიდეულს" ოფიციალური მანდატი მისთვის არ მოუნიჭებია, ეს არის ინიციატივა, რათა მიღწეულ იქნეს ორი მიზანი“, თქვა მაკრონმა.

შეკითხვაზე, დაეთანხმა თუ არა „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას, ფრანგი კოლეგისთვის მიეცათ უფლებამოსილება ჯგუფის სახელით მოილაპარაკოს თეირანთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე არ უსაუბრიათ. „ჩვენ ჩვენი მხრივ ვიმოქმედებთ", თქვა ტრამპმა და დასძინა, ხალხს ვერ დაუშლის მოლაპარაკებას. თუ სურთ მოლაპარაკება, მოილაპარაკონო, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს იაპონიის პრემიერთან, შინზო აბესთან შეხვედრისას. მოგვიანებით, ტრამპმა კომენტარზე უარი თქვა, როცა ბიარიცში ზარიფის ჩასვლის შესახებ ჰკითხეს.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა. ხელშეკრულების ევროპელი ხელის მომწერები - ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი ცდილობენ გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებას გააგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აპირებს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ კვირებში, რათა შეეცადოს, შემცირდეს დაძაბულობა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა 25 აგვიტოს, საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტის კულუარებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან პარიზში შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ.

ემანუელ მაკრონის თქმით, „გუშინ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს ირანის გარშემო და გამოიკვეთა ორი მიმართულება: „დიდი შვიდიანის“ არც ერთ წევრს არ სურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრი ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან.

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა.

სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა. ხელშეკრულების ევროპელი ხელის მომწერები - ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი ცდილობენ გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება.

ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის გზაზე ექვსი მეტოქე დაამარცხა.

ევროპული თამაშებისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა 2019 წლის მონაგარს სეზონის უმთავრესი ჯილდო მიამატა - 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის პირველი დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა.

ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის გზაზე ექვსი მეტოქე დაამარცხა: ჰონგ კონგელი იუ ლონგ ლაი, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე, უკრაინელი არტიომ ლესიუკი, ტაივანელი იუნგ ვეი იანგი და იაპონელი რიუჯიუ ნაგაიამა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს აჯობა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ამირან პაპინაშვილიც გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა. დღესვე, მედლები ქალთა უმსუბუქეს წონაში - 48 კილოგრამშიც გათამაშდა. მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა უკრაინელი დარია ბილოდიდი.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტომდე გაგრძელდება და მამაკაცთა და ქალთა შორის კიდევ ექვს-ექვს წონაში შეივსება საპრიზო სამეულები. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ).

ყვარელში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია

დღის მეორე ნახევარში ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკვე ლოკალიზებულია ხანძრის ყველა ეპიცენტრი და უკვე შესაძლებელია, რომ დაიწყოს ცეცხლის ლიკვიდაციის ეტაპი. ქადაგიშვილი იმყოფება ადგილზე მოქმედ საგანგებო შტაბში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

დღის მეორე ნახევარში ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ცეცხლის ჩაქრობის პროცესი გამთენიისას განაახლა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. ასევე, მთელი ღამის განმავლობაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები აგრძელებდნენ ცეცხლის კერებზე მუშაობას და სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობდა გზის გაყვანა ტყეში, ცეცხლის ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისაყვანად.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

ტრამპი: „სავსებით შესაძლებელია“, პუტინი სტუმრად მიიწვიონ შემდეგ სამიტზე

გრძელდება „დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, სამდღიანი სამიტი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში.

25 აგვისტოს, სამიტის მეორე დღის დილით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილეს რუსეთის მიწვევის საკითხი შემდეგ სამიტზე. ტრამპის თქმით, „სავსებით შესაძლებელია“ სტუმრად იქნეს მიწვეული პუტინი შემდეგ სამიტზე, აშშ-ში. ამ განცხადებით ტრამპმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაიხმეს ყირიმის ანექსიის გამო.

სამიტის პირველ დღეს, 24 აგვისტოს, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი „დიდი შვიდეულს“. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში. ის გამოვიდა წინადადებით, უკრაინა მიიწვიონ შემდეგ სტატუსზე სტუმრის სტატუსით.

დონალდ ტრამპმა გაავრცელა ტვიტერით განცხადება, რომელშიც ბრალი დასდო პრესას სამიტის უარყოფითად გაშუქებისთვის და წერდა, რომ ლიდერები ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მან მაღალი შეფასება მისცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან წინა დღის შეხვედრას. ტრამპმა 25 აგვისტოს ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან ერთად ისაუზმა და მას უწოდა „შესაფერისი ადამიანი იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ბრექსიტი“.

სამიტში, რომელიც იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, დონალდ ტრამპთან და ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად მონაწილეობენ გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე. სტუმრად მიწვეული არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც.

სამიტზე, რომლის მონაწილეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას მოელოდნენ, ერთ-ერთი მთავარი თემაა - მსოფლიო ვაჭრობა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მეორე დღის მთავარი თემაა დაძაბულობა მსოფლიო ვაჭრობაში

„დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში სამდღიან სამიტს აგრძელებენ. სამიტის, რომლის მონაწილეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას მოელოდნენ, მეორე დღის მთავარი თემაა მსოფლიო ვაჭრობა.

სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, სადაც ჩასული არიან გერმანიის, კანადის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე. სტუმრად მიწვეული არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც.

სამიტის პირველ დღეს, 24 აგვისტოს, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების ჯგუფს. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში. დონალდ ტუსკი გამოვიდა წინადადებით, უკრაინა სტუმრის სტატუსით მიიწვიონ შემდეგ სამიტზე. რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაიწვიეს უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის - ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტთა მხარდაჭერის გამო.

სამიტის მეორე დღეს ორმხრივი შეხვედრები იმართება.

ირანში 23 წელი მიუსაჯეს მწერალ და სატირიკოს ქიუმარს მარზბანს

23 წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა ირანის სასამართლომ მწერალს და სატირიკოსს, ქიუმარს მარზბანს. მას სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობაც.

მირზბანის ადვოკატმა მოჰამად ჰოსეინ აღასიმ 24 აგვისტოს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის დამნაშავედ ცნეს მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში, ასევე სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებასა და სიწმინდეების და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში.

ადვოკატ აღასის თანახმად, ის განაჩენს გაასაჩივრებს. მისი თქმით, მის კლიენტს არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ წერდა სახუმარო ტექსტებს და მედიით აქვეყნებდა.

თუ სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, მას ათწლიანი ციხე ემუქრება, მისთვის შეფარდებული ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი.

ვაშინგტონის Human Rights Campaign-ის თანახმად, მარზბანმა ირანი დატოვა 2009 წელს და რვა წლის შემდეგ დაბრუნდა მოხუცებული ბებიის მოსანახულებლად და შარშან დააპატიმრეს.

მარზბანი ერთი პერიოდი ცხოვრობდა საქართველოში, საიდანაც დაბრუნდა ირანში.

ბეირუთში ორი დრონით თავდასხმა განხორციელდა ჰეზბოლას ობიექტებზე

ისრაელ-ლიბანის საზღვარი

ლიბანის არმიის თანახმად, ისრაელმა ორი უპილოტო აპარატით თავდასხმა განახორციელა ჰეზბოლას საყრდენ ობიექტებზე, სამხრეთ ბეირუთში. ირანის მხარდაჭერით მოქმედმა შიიტურმა ორგანიზაციამ, ჰეზბოლამ, გამოაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმისას დაზიანდა მედიაცენტრი.

ორმა საჰაერო აპარატმა დაარღვია ლიბანის საჰაერო სივრცე საღამოს, 25 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში, იტყობინება ლიბანის არმია და დასძენს, რომ ერთი დრონი ჩამოვარდა, მეორე კი აფეთქდა ჰაერში და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ჰეზბოლას წარმომადგენელმა, მოჰამად აფიფმა განაცხადა, რომ ორივე დრონი იარაღით იყო აღჭურვილი და აფეთქებამ დიდი ზარალი მიაყენა მედიაცენტრს.

ისრაელის ოფიციალურ პირებს კომენტარი თავდასხმის თაობაზე არ გაუკეთებიათ. ისრაელმა რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ მეზობელ სირიაში დრონების საშუალებით ირანის ძალებს მიაყენა დარტყმა, რათა თავიდან აეცილებინა მათი მოსალოდნელი თავდასხმა.

ისრაელი არმიის თქმით, 24 აგვისტოს თავდასხმის სამიზნე იყო ირანის ელიტარული „ყუდის ძალები“, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის უცხოეთის ჯარის ნაწილები, რომლებიც განლაგებული არიან აყრაბაში, დმასაკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უარყო.

ისრაელმა სირიაში ასობით დარტყმა განახორციელა, როგორც თვითონ აცხადებს, ირანის ობიექტებსა და მისი მოკავშირეებზე, ჰეზბოლას ჩათვლით.

ყვარელი: ხანძართან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

პარალელურად, მუშაობას განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. წყლის მარაგის შესავსებად ვერტმფრენები სოფელ ზინობიანის ტბას იყენებენ.

„სამი ვერტმფრენი გათენებიდან მუშაობს და ასევე,მთელი ღამის განმავლობაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები აგრძელებდნენ ცეცხლის კერებზე მუშაობას. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყება რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს ინფორმაციას ცეცხლის ახალი კერების გაჩენის შესახებ და ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის საფრთხე. რომ ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწიოს. ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

ყვარელში ხანძარი ისევ მძვინვარებს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, 25 აგვისტოს, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. ვერტმფრენები წყლის მარაგის შესავსებად სოფელ ზინობიანის ტბას იყენებენ.

„სამი ვერტმფრენი გათენებიდან მუშაობს და პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები აგრძელებდნენ ცეცხლის კერებზე მუშაობას. ასევე, იჭრება გზა, რომ სახანძრო-სამაშველო მძიმე ტექნიკამ შეძლოს უშუალოდ ცეცხლის კერებამდე მისვლა“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყება რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს ინფორმაციას ცეცხლის ახალი კერების გაჩენის შესახებ და ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის საფრთხე, რომ ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწიოს.

ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

საგარეო უწყება აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე: უკანონოა და სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ არჩევნები ვერ ჩაითვლება კანონიერად იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა და ვითარებას საოკუპაციო ძალა აკონტროლებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, - აცხადებს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების შესახებ.

საგარეო უწყება მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს უკანონო პროცესის შესაჩერებლად.

„ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები იმართება. ამ ე.წ. არჩევნების პროცესი ტარდება რუსეთშიც და ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვშია გახსნილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები იმართება

ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს: რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიწინია, ოლეგ არშბა, ასტამურ თარბა, ალმას ჯაპუა, ლეონიდ ძიაპშბა, შამილ აძინბა, ასტუმურ კაკალია და არტურ ანქვაბი.

ადგილობრივი სპეციალისტებისთვის შედეგების პროგნოზირება ძნელია. აღინიშნება ფაქტი, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 6 აგვისტოს უმასპინძლა და კენჭისყრის „დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდების“ იმედი გამოთქვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელენე ლაბახუას თქმით, ეს უკვე რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია და კენჭისყრა 35 ოლქში ტარდება. 152 საარჩევნო უბანზე 116 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი ტარდება რუსეთშიც და ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვშია გახსნილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ჩანაწერი კეთდება აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მეხუთე გვერდზე - ეს არის სპეციალური შტამპი და იმ პირის ხელმოწერა, რომელმაც შტამპი დაუსვა.

ამავე წყაროების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს რამდენიმე ათეული მეთვალყურე ჰყავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროცესში ჩართული არიან მეთვალყურეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან თუ მთიანი ყარაბახიდან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული და დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული რეგიონების წარმომადგენელთა გარდა, მეთვალყურეთა შორის სახელდებიან ასევე წარმომადგენლები ბელორუსიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან.

საერთაშორისო თანამეგობრობა უკანონოდ თვლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს.

ირანი სანქციებს უწესებს ვაშინგტონში მოქმედ კვლევით ცენტრს

დემოკრატიების დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, მარკ დუბოვიცი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ვაშინგტონში დაფუძნებულ "დემოკრატიების დაცვის ფონდს" და მის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ დუბოვიცს.

სამინისტროს თანახმად, ორგანიზაცია ხელს უწყობდა სანქციების დაწესებას ირანისთვის და „ეკონომიკურ ტერორს“ ირანის წინააღმდეგ.

ირანის მედია, მათ შორის, სააგენტო "ფარსი", იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ფორდმა და დუბოვიცმა „განზრახ“, მიაყენეს ზიანი ირანის სასიცოცხლო ინტერესებს და "ავრცელებდნენ სიცრუეს" ირანის წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს საქმის აღძვრა ფონდის, დუბოვიცის და მისი ირანელი კოლეგების წინააღმდეგ.

დუბოვიცმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია „რეჟიმის მიერ გამოშვებულ ყველა სიაში მოხვედრას საპატიო ნიშნად მიიჩნევს“.

ფონდი 2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მიმართ კრიტიკული იყო. 2017 წლის კანონით ძალით, ირანი ხანგამოშვებით სანქციებს უწესებს ამერიკულ ორგანიზაციებს. თუმცა, თუ სუბიექტები არ არიან კავშირში ირანის საფინანსო სისტემასთან, სანქციებს ეფექტი არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე

24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო. სიტყვა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა მიწვეულ სტუმრებს მიმართა, გამოქვეყნდა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვაში ხაზს უსვამს კონსტიტუციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია იქცა 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად:

"დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და თვით ქვეყანაში, აქ მებრძოლ თაობებს, რათა სახელმწიფოს აღდგენის საფუძველი შეენარჩუნებინათ.... ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი..."

პრეზიდენტი თავის სიტყვაში ასევე ეხება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებებს, რომლებიც, მის თანახმად, ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით:

"დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი - დემოკრატია და სტაბილურობა..."

სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვაში ლაპარაკობს 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზეც:

"მე პირადად, და ვიცი, რომ თქვენც, არავისზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე, ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს, ვინც პოლიციაზე ძალადობდა, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული, მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია..."

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება, ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის.

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ყოველწლიურად იმართება საზეიმო მიღება, სადაც იფინება ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები: 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტომასალა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.

ტუსკი: „დიდი შვიდეულს“ ახლა უფრო მეტი მიზეზი აქვს არ ჰყავდეს რუსეთი თავის რიგებში

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი „დიდი შვიდეულს“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების ჯგუფს. ტუსკმა ამის თაობაზე განაცხადა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც დაიწყო 24 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა, რადგან მისმა ლიდერებმა ვერ გამონახეს საერთო ენა მიმდინარე წელს, განაცხადა ტუსკმა 24 აგვისტოს ბრიფინგზე, ბიარიცში. ტუსკმა ასევე თქვა, რომ სავაჭრო ომები შვიდ მდიდარ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მეტად ავნებს მათ შორის ნდობას. ტუსკის თქმით, თუ ტრამპი ტარიფებს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, ეს საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს.

სამიტი სამ დღეს გასტანს. მისი მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა და ამ ჯგუფში რუსეთის მოსალოდნელი დაბრუნება.

სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, სადაც ასევე ჩასული არიან გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე.

ვაშინგტონიდან გაფრენის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან პროდუქტიულ“ შეხვედრებს მოელის. ტრამპმა საფრანგეთს მოუწოდა, უარი თქვას გეგმაზე, დაუწესოს სავაჭრო გადასახადი „გუგლსა“ და „ფეისბუკს“.

მაკრონმა თქვა, რომ აპირებს ტრამპს მოსთხოვოს ბიომრავალფეროვნების დაცვის თაობაზე პოტენციურად სადავო ქარტიაზე ხელის მოწერა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გამანადგურებელი ხანძრის გავრცელების ფონზე.

სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე ტრამპმა და მაკრონმა ერთად ისადილეს. მოგვიანებით გაიმართა სამიტის მონაწილეთა სამუშაო ვახშამი.

მთავარი ყურადღება მიმართულია ტრამპის ურთიერთობისკენ „შვიდეულის“ სხვა წევრებთან. ვაშინგტონმა წელს მოითხოვა ევროპელი მოკავშირეებისგან, დახმარებოდნენ მას ირანზე "მაქსიმალურ ზეწოლაში", დამჯდარიყო თეირანი მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების მაგიდასთან. ბრიტანეთის დიპლომატიურმა წყარომ "როიტერსს" განუცხადა ბიარიცში, რომ „ჩვენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მტკიცე მომხრეები ვართო“.

მოელიან, რომ ტრამპს წინააღმდეგობა შეხვდება, თუ გამოვა წინადადებით, კვლავ „დიდ შვიდეულში“მოხვდეს რუსეთი, რომელიც „დიდი რვიანიდან“ გაიწვიეს უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის გამო.

ახალსოფელში ტყის ხანძრის ჩაქრობას სამი ვერტმფრენით ცდილობენ

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება ძლიერი სიცხის, ქარისა და მთის რთული რელიეფის გამო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, სტიქიასთან ბრძოლაში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

სპეციალურად შექმნილ შტაბს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

სულ ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 70 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში, ცეცხლი ხეებსა და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დონალდ ტრამპს გრენლანდიაში აშშ-ის საკონსულოს გახსნა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმართა კონგრესს წინადადებით, გაიხსნას საკონსულო გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკეში.

აშშ-ს საკონსულო გრენლანდიაში ჰქონდა 1940-1953 წლებში. ახლანდელი წინადადება დანიის ამ ტერიტორიაზე საკონსულოს კვლავ გახსნას გულისხმობს.

აშშ-ს აქვს „სტრატეგიული ინტერესი, განამტკიცოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კომერციული კავშირები არქტიკის რეგიონში“, წერია სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გაგზავნილ წერილში, და ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ნუუკეში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დანიაში აშშ-ის საელჩოში უკვე დანიშნა გრენლანდიის საკითხებში პასუხისმგებელი თანამშრომელი. 2020 წელს საკონსულოში შვიდი თანამშრომელი იქნება.

გასულ კვირაში ცნობამ, რომ ტრამპი ფიქრობს აშშ-ის მიერ კუნძულ გრენლანდიის ყიდვას, სენსაცია გამოიწვია. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა იდეას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

ტრამპმა საპასუხოდ გააუქმა სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი კოპენჰაგენში.

აშშ-ს გრენლანდიაზე აქვს 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა, "ტულე", რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა "ცივი ომის" დროს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საქმეში.

ტუსკი: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა იქნება

„დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა, რადგან მისმა ლიდერებმა ვერ გამონახეს საერთო ენა მიმდინარე წელს, განაცხადა ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა 24 აგვისტოს ბრიფინგზე. ბიარიცში ტუსკმა ასევე თქვა, რომ სავაჭრო ომები შვიდ მდიდარ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მეტად ავნებს მათ შორის ნდობას. ტუსკის თქმით, თუ ტრამპი ტარიფებს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, ეს საფრთხეს შექმნის მსოფლიოს.

„დიდი შვიდეულის“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების, ლიდერები 24-26 აგვისტოს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში სამიტს მართავენ.

სამიტის მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა და ამ ჯგუფში რუსეთის მოსალოდნელი დაბრუნება.

სამდღიან სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, სადაც ასევე ჩასული არიან გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე.

ვაშინგტონიდან გაფრენის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან პროდუქტიულ“ შეხვედრებს მოელის. ტრამპმა საფრანგეთს მოუწოდა, უარი თქვას გეგმაზე, დაუწესოს სავაჭრო გადასახადი „გუგლსა“ და „ფეისბუკს“.

მაკრონმა თქვა, რომ აპირებს ტრამპს მოსთხოვოს ბიომრავალფეროვნების დაცვის თაობაზე პოტენციურად სადავო ქარტიაზე ხელის მოწერა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გამანადგურებელი ხანძრის გავრცელების ფონზე.

მთავარი ყურადღება მიმართულია ტრამპის ურთიერთობისკენ „შვიდეულის“ სხვა წევრებთან. ვაშინგტონმა წელს მოითხოვა ევროპელი მოკავშირეებისგან, დახმარებოდნენ მას ირანზე "მაქსიმალური ზეწოლაში", დამჯდარიყო თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. ბრიტანეთის დიპლომატიურმა წყარომ "როიტერსს" განუცხადა ბიარიცში, რომ „ჩვენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მტკიცე მომხრეები ვართო“.

მოელიან, რომ ტრამპს წინააღმდეგობა შეხვდება, თუ კვლავ მოისურვებს „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას. რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაიწვიეს უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის გამო.

ჩაიშალა „სოიუზის“ ახალი მოდელის შეპირაპირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან

რუსეთის კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის“ ახალმა მოდელმა, რომელზეც იმყოფება რუსეთის ადამიანის მსგავსი პირველი რობოტი, ვერ მოახერხა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირება.

რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, ავტომატური შეპირაპირების სისტემამ ვერ მოახერხა ხომალდის სტაბილიზება და სადგურთან მიახლოვების დაწყება.

შეპირაპირების შემდეგი მცდელობა 26 აგვისტოს მოხდება. აშშ-ის და რუსეთის კოსმოსურმა უწყებებმა, „ნასამ“ და „როსკოსმოსმა“ განაცხადეს, რომ ექვსკაციან ეკიპაჟს სადგურზე საფრთხე არ შექმნია.

„სოიუზის“ ახალ ვერსიაზე, რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომიდან 22 აგვისტოს გაფრინდა, იმყოფება რობოტი „ფედორი“, (Final Experimental Demonstration Object Research). რობოტმა სტარტისას „წარმოთქვა“ კოსმოსში პირველი ადამიანის, იური გაგარინის ცნობილი სიტყვები „პოიეხალი!“ (წავედით!).

რობოტს, რომელიც 1,80 მეტრის სიმაღლისაა და 160 კილოგრამს იწონის, აქვს ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები.

„როსკოსმოსის“ ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, „ფედორი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ეკიპაჟის წევრებს დაეხმარება მარტივი ამოცანების შესრულებაში, ხოლო მისი მომავალი ვერსიების ფუნქციები უფრო რთული იქნება.

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მოაწყო

რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი, "იური დოლგორუკი" თეთრ ზღვაში, 2018 წლის მაისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო ბალისტიკური რაკეტების „სინეავას“ და „ბულავას“ გამოცდა.

საწვრთნელი გაშვებები ჩატარდა წყალქვეშა ნავებიდან „ტულასა“ და „იური დოლგორუკიდან“. ცნობას თავდაცვის უწყება ავრცელებს თავის ვებსაიტზე.

გამოცდა მოეწყო ორ დღეში მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ „სიმეტრიულ პასუხს" გასცემდა ფრთოსანი რაკეტა „ტომოჰოკის“ სახმელეთო ვარიანტის გამოცდას აშშ-ის მიერ.

რუსეთის რაკეტები გაუშვეს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარე არეალიდან და ბარენცის ზღვიდან. მათ წარმატებით გაანადგურეს საწვრთნელი სამიზნეები არხანგელსკის ოლქსა და კამჩატკაზე.

ორ აგვიტოს აშშ-მა ოფიციალურად შეწყვიტა მონაწილეობა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებაში, რადგან თვლის, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ახალი რაკეტის, „ნოვატორის“ შეიარაღებაში მიღებით. რუსეთმა ბრალდება უარყო, თუმცა თვითონაც გავიდა ხელშეკრულებიდან.

18 აგვიტოს აშშ-მა გამოსცადა ფრთოსანი რაკეტა „ტომოჰოკის“ სახმელეთო ვარიანტი.

პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, „მიმართოს ამომწურავ ზომებს, სიმეტრიული პასუხის გასაცემად“.

ზელენსკიმ მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია „ბავშვის მოპარვას“ შეადარა

ვლადიმირ ზელენსკი დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შეადარა „ბავშვის მოპარვას და მისი დაბადების ახალი მოწმობის გამოწერას“, როცა მან სიტყვა წარმოთქვა დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

შეკრებილთა წინაშე, სადაც უკრაინის უამრავი დროშა ფრიალებდა, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ, კვლავ კიევის მმართველობას დაუბრუნდება.

ზელენსკი, ყოფილი კომიკოსი, პრეზიდენტად წელს აირჩიეს მთავრობაში ფესვგადგმული კორუფციით საზოგადოების უკმაყოფილების და ომის ფონზე, რომელსაც კიევი აწარმოებს სეპარატისტებთან ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთმა 2014 წელს დაიკავა ყირიმი და ამავე დროიდან მხარს უჭერს სეპარატისტებს, თუმცა არ აღიარებს მათთვის დახმარების გაწევას.

წელს ზელენსკიმ არ ისურვა დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური სამხედრო აღლუმით აღნიშვნა. წელს, როგორც მან თქვა, „აღლუმის ჩატარების ნაცვლად უკეთესია, ფული ჩვენს გმირებს მივცეთო“. ზელენსკიმ ივლისში განაცხადა, რომ 12 მილიონი ამერიკული დოლარის შესაბამის თანხას სამხედროებს გამოუყოფენ.

უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 24 აგვისტოს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG