მოსკოვში პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი, ლიუბოვ სობოლი, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ.
სობოლი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დააკავეს ტაქსიში, რომლითაც ის აქციისკენ მიემგზავრებოდა. ის პოლიციის მიკროავტობუსში გადასვეს და წაიყვანეს.
"რა საფუძვლით მაკავებთ?" - რამდენჯერმე ჰკითხა სობოლმა პოლიციას დაკავების პროცესში.
მოსკოვში ოპოზიციის მომხრეები 3 აგვისტოს კვლავ აპირებენ ქუჩაში გასვლას, მიუხედავად ქალაქის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად "ყველა საჭირო ზომას გაატარებენ".
რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები იმართება მას შემდეგ, რაც ივლისში ადმინისტრაციამ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატს უფლება არ მისცა კენჭი ეყარა სექტემბერში დანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებზე.
ბოლო აქცია, 27 ივლისს, პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და 1400-მდე დემონსტრანტი დააპატიმრა. პატიმრობას და ჩხრეკას დაექვემდებარა მოსკოვის საქალაქო სათათბიროში არჩევის რამდენიმე პოტენციური კანდიდატიც.
2 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო პროკურატურამ გამოაცხადა, პოლიცია გაატარებს "ყველა საჭირო ზომას პროვოკაციების, არეულობის და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი მოქმედების აღსაკვეთადო" და დასძინა, რომ 2 აგვისტოს, მოსკოვის ცენტრში, არასანქცირებული საჯარო ღონისძიების გამართვის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს "კანონის პირდაპირ დარღვევას".