Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გამოკითხა „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი


პროკურატურაში დასრულდა „რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა, რომელიც ხუთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დამენიას თქმით, შეკითხვები შეეხებოდა 2015 წელს - კომპანიის ფინანსური დირექტორის პოსტზე მისი მუშაობის პერიოდს.

„შეკითხვები შეეხებოდა იმდროინდელ შემოსავლებს - უმთავრესად, ხარჯებს - ნაკლებად. გარკვეულ შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდათ გარკვეული კითხვები, მათ შორის - სარეკლამო დროის გაყიდვებთან დაკავშირებით. გაუთქმელობის შეთანხმებაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებში ვერ შევალ... საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო“, - უთხრა დამენიამ ჟურნალისტებს.

კახა დამენიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა და მედიასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

„თუ ამ საქმეზე ღია მსჯელობა მოხდება, ყველა დაინახავს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, დეკლარირებული და აქ დანაშაულის ნიშნებს ადგილი არა აქვს... აქ არის ერთი ინტერესი - იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა. ეს არის ამ გამოძიების ერთადერთი მიზანი... ეს არ არის სამართლებივი მოტივაციით განპირობებული პროცესი, ეს არის ცალსახად შეკვეთილი საქმე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, რომლის მიზანიც არის მედიაზე ზეწოლა“,- განაცხადა ბასილაიამ კახა დამენიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2 აგვისტოს ასევე მოწმის სახით გამოიკითხა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შედგა. გვარამიამ უარი განაცხადა პროკურატურაში მისვლაზე.

გენერალური პროკურატურის მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ მოიპოვა სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. ეს პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე. ნიჟარაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG