Accessibility links

ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს


დეპუტატი ელენე ხოშტარია გამოხატავს მზადყოფნას, ორშაბათს მოინახულოს 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ადამიანები. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა 3 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ამ ეტაპზე მან დაკავებულთა მხოლოდ 11-კაციანი სიის შედგენა მოახერხა, რადგან ხელისუფლება ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

„როგორც პარლამენტის წევრი, რომელსაც მაქვს პატარა პროცედურული უპირატესობა, რომ შემიძლია შევიდე საპყრობილეებში, გაოგნებული ვარ იმითი, რომ ბევრი დრო დამჭირდა, გამერკვია ვინ არის დაპატიმრებული. საერთოდ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? რას ნიშნავს ტელეფონი არ ავიღო და არ ვიკითხო - ვინ არის დაპატიმრებული და იმასაც გვიმალავენ...

მხოლოდ 11 ადამიანი ვიპოვე ჯერ, ამიტომ მივმართავ ყველას, მე ფეისბუკზეც დავწერე, ყველას, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელი არის დაპატიმრებული... ვისაც გჭირდებათ ჩემი დახმარება, რომ შევიდე საპყრობილეში თუ კიდევ სხვანაირად დაგეხმაროთ, მომაწვდინეთ ხმა და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის...

მე ჩამოვწერე ყველა გვარი, ვისთანაც შევდივარ - ეს არის 11 ადამიანი. ორშაბათს დილიდან, 10 საათიდან, ვიქნები იქ და, რა თქმა უნდა, თქვენგან გზავნილი იქნება ის, რომ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... გპირდებით, რომ მათ გავამხნევებ, გავამხნევებ თქვენი გვერდში დგომით და სიმართლით, რომელიც ჩვენს გვერდშია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა.

3 აგვისტოს, აქციის 45-ე დღე ტრადიციული ფორმატით აღინიშნებოდა - გამომსვლელები სიტყვით მიმართავდნენ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. აქციის ორგანიზატორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ არ მოდუნდეს ყურადღება 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ადამიანების მიმართ. შესაბამისად, ეს თემა ყოველდღე ფიგურირებს. 3 აგვისტოს აქციაზე იმყოფებოდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ წინასწარ პატიმრობაში დატოვებული ბესიკ თამლიანისა და ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ბოლო დღეებში ეთმობოდა სადისკუსიო ფორმატს - გადაცემა „სირცხვილიას“ სახით.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG