Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გლოვობენ მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთ


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, სამთავრობო დაწესებულებებზე ხუთი დღით დაუშვეს სახელმწიფო დროშები დეიტონსა და ელ-პასოში შეიარაღებული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.

3-4 აგვისტოს, 13 საათის განმავლობაში 29 ადამიანი მოკლეს ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონსა და ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში.

დეიტონის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში ავტომატით შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა დახოცა 9 ადამიანი. მოკლულებს შორის აღმოჩნდა თავდამსხმელის დაც. დაიჭრა სულ მცირე 27 ადამიანი.

თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. დეიტონის მერის, ნენ უეილის განცხადებით, პოლიციის ოპერატიულმა მოქმედებებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეიტონში ხალხი დახოცა, 24 წლის კონორ ბეტსი იყო. სოციალურ ქსელებში იდენტიფიცირებულია როგორც საზოგადოებრივი კოლეჯის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დეიტონის ტრაგედიამდე დაახლოებით 13 საათით ადრე, მასობრივი მკვლელობა მოხდა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში. სუპერმარკეტ Walmart-ში სროლის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი და 26 დაიჭრა. მოკლულებს შორის 6 მექსიკელია.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ქალაქ დალასის მცხოვრები, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი. გამოძიება ადგენს მართლაც კრუსიუსს ეკუთვნის თუ არა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გავრცელებული გაფრთხილება ესპანურენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოსალოდნელი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ. ამ შეტყობინების ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ში ლათინოამერიკელების შეჭრის გამო.

4 აგვისტოს, სროლა იყო ქალაქ ჩიკაგოს პარკშიც. ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ბავშვების სათამაშო მოედნის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღით 7 ადამიანი დაჭრა და ავტომანქანით მიიმალა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ჩიკაგოში მოკლეს ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც საზოგადებრივი ჯგუფის, „დედები მკვლელობების წინააღმდეგ“ წევრები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG