Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა ოჯახები ინფორმაციას ელენე ხოშტარიასგან ელოდებიან


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად არ აძლევენ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფ ძმისშვილთან, მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციის საშუალებას.

"არ ვიცი, როგორ მდგომარეობაშია. დღეს ადვოკატი შევა. იქ არის შესული ელენე ხოშტარია. მისგან გავიგებთ ინფორმაციას დაკავებულებზე. რაც ჰუსეინი დაიჭირეს, მეოთხედ ვარ მოსული. თემირლანი უდანაშაულო კი ისედაც იყო და ამას დღეს ისედაც აღიარებენ, მაგრამ მერჩივნა სამუდამო პატიმრობა ჰქონოდა მისჯილი და ცოცხალი ყოფილიყო", - უთხრა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც საპატიმრო დაწესებულებასთან იმყოფება.

მორის მაჩალიკაშვილი ბრალდებულია საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ძალადობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

"ეს პოლიტიკური რეპრესიებია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ვინმე დააშინონ, გააჩერონ. ყველაფერზე მიდიან. როცა ხელისუფლება გაბოროტებულია და შეშინებულია, ის არის ყველაზე საშიში. ის თავის სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის. ჰუსეინი იყო ის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად იმიტომ დააკავეს, რომ მე გავეჩერებინე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც. რუსუდან თამლიანის განცხადებით, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, თუმცა მისი ნახვის უფლებას არ აძლევენ.

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია დილის 10 საათიდან იმყოფება გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სადაც ხვდება 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG