Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის დასასუფთავებლად რუსული სპეცტექნიკის შეძენას უკმაყოფილება მოჰყვა


გორის მერიამ ქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად შეძენილი სპეციალური ტექნიკის პრეზენტაცია გამართა.

ქუჩის მოსარეცხი ორი ავტომანქანა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის განკუთვნილი ოთხი ავტომანქანა რუსული წარმოებისაა. შპს „სტრადასგან“ მათ შესაძენად ბიუჯეტიდან 710 994 ლარი დაიხარჯა.

გორის მერიის მიერ რუსული სპეცტექნიკის შეძენას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. კომენტატორების ნაწილი წერს, რომ აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე ქალაქის ცენტრში რუსული სპეცტექნიკის გამოჩენა მიუღებელია.

გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, ნათია ხაჩიურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც მერიას ყველაზე მისაღები პირობები, პირველ ყოვლისა, ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

"ელექტრონული ტენდერი ამა თუ იმ კომპანიის წარმომავლობის მიხედვით არ მოქმედებს და ის ელექტრონულად იმ კომპანიას ასახელებს გამარჯვებულად, ვინც დაბალი ფასით შემოდის“ - განაცხადა ხაჩიურმა. მისი ინფორმაციით, კომპანია "სტრადა," რომელიც ამ მანქანების დისტრიბუციას ახორციელებს, ქართულია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შპს "სტრადა" სერვისულ-გამსაღებელი ქსელის, "გაზის" ოფიციალური მონაწილეა და აქვს საქართველოს ტერიტორიაზე "გაზის" ავტომანქანების რეალიზაციის, ტექნიკური საგარანტიო და გარანტიის შემდგომი შეკეთების უფლება. „გაზი“ რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, ილიჩის გამზირზეა რეგისტრირებული.

მერიის ინფორმაციით, გორისთვის შეძენილი ქუჩის მოსარეცხი ავტომანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. შესაბამისად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს შეუძლია როგორც გზების თოვლისგან გაწმენდა, ისე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG