Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აშშ-ს: თქვენ თუ გააკეთებთ, რუსეთიც განავითარებს ახალ ბირთვულ რაკეტებს


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ აშშ განავითარებს მოკლე და საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტებს, რუსეთიც ანალოგიურად მოიქცევა. პუტინის განცხადებების ფონია იარაღის კონტროლის შესახებ ცივი ომის პერიოდში გაფორმებული, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დაშლა.

"თუკი რუსეთი მოიპოვებს სანდო ინფორმაციას, რომ აშშ-მა დაასრულა ამ სისტემების განვითარება და მათი წარმოება დაიწყო, რუსეთს სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ დაიწყოს სრულმასშტაბიანი ძალისხმევა მსგავსი რაკეტების შესაქმნელად" - ამბობს პუტინი 5 აგვისტოს განცხადებაში.

აშშ 2 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან (INF), რომელიც 31 წლის წინ გაფორმდა და საეტაპო შეთანხმებად ითვლებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

მანამდე რუსეთმა შეწყვიტა მონაწილეობა ხელშეკრულებაში - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს თქვა, რომ აშშ აპირებდა ხელშეკრულებიდან გასვლას. შემდეგ დღეს ტრამპმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გააუქმა და დაიწყო შეთანხმებიდან გასვლის ექვსთვიანი პერიოდი.

საშუალო რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირს და აშშ-ს უკრძალავდა შეექმნათ, ეწარმოებინათ ან განეთავსებინათ სახმელეთო ან ბალისტიკური რაკეტები 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსით. ხელშეკრულების რატიფიცირება 1988 წელს მოახდინეს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა.

აშშ და ნატო რუსეთს ადანაშაულებდნენ ხელშეკრულების დარღვევაში, 9M729 ტიპის, იგივე SSC-8 რაკეტის განთავსებით.

მოსკოვი უარყოფდა ბრალდებას, რომ რაკეტა ხელშეკრულების პირობას არღვევდა და, თავის მხრივ, აშშ-ს ადანაშაულებდა, რომ მას სურდა ხელშეკრულებიდან გასვლა გამალებული შეიარაღების ახალი პროცესის დასაწყებად.

პუტინმს 5 აგვისტოს ხელშეკრულების დაშლაში ვაშინგტონი დაადანაშაულა, თუმცა თქვა, რუსეთისთვის და აშშ-სთვის აუცილებელია იარაღის კონტროლის მოლაპარაკების განახლება, რათა აღკვეთილ იქნას "შეუზღუდავი" გამალებული შეიარაღების დაწყებაო.


XS
SM
MD
LG