„ლიბერალის“ დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს ინფორმაციას მედიაპლატფორმა „ლიბერალის“ განახლებული გუნდისა და ხედვების შესახებ.
„ლიბერალის“ ახალი გუნდი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც მეინსტრიმმედია აშუქებს, კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოების პოლარიზებას და თითქმის არ განიხილავს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც მოქალაქეთა უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა.
„კონკრეტული სოციალური საკითხების თანმიმდევრული გაშუქებით გვსურს წვლილი შევიტანოთ მედიის განვითარებაში, რომ დღის წესრიგში არსებული პრობლემატიკა პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მეორე მხრივ, ღია, კრიტიკული ანალიზითა და პოლიტიკური მიუკერძოებლობით, გვსურს გავაჩინოთ დიალოგის სივრცე სოციალურად გამიჯნულ ჯგუფებს შორის - ერთიანი სააზროვნო და საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით წარმოვადგინოთ განსხვავებული სოციალური თუ პოლიტიკური პოზიციონირების მქონე მოაზროვნეები, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეალიზების პოტენციალი და გაძლიერდეს ქმედითი, კრიტიკული დისკურსი“ - წერს „ლიბერალის“ გუნდი.
რაც შეეხება გუნდის ახალ შემადგენლობას, მისი მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი იქნება. აღმასრულებელი რედაქტორის პოსტს იკავებს ლიზა ჟვანია, პოლიტიკასა და ბიზნესის განვითარებას ბესარიონ ჟვანია ჩაუდგება სათავეში. გარემოსა და ეკოლოგიის განყოფილების რედაქტორი იქნება გიორგი ცინცაძე. ახალი ამბების რედაქტორი, სოციალური მედიამენეჯერი ნუცა დევიძე. განათლება-მეცნიერების სფეროზე იმუშავებს გუგა ვარდიაშვილი, განათლებისა და ჯანმრთელობითი განათლების საკითხებზე მზიკო ლაპიაშვილი იმუშვებს. ფოტორედაქტორი - ლევან ხერხეულიძე.
განახლებული პლატფორმა მზად შემოდგომაზე იქნება.