Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა აპირებს პუტინთან განიხილოს სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი


რაულ ხაჯიმბას და ვლადიმირ პუტინის წინა შეხვედრა სოჭში, 2018 წლის 21 ნოემბერი
რაულ ხაჯიმბას და ვლადიმირ პუტინის წინა შეხვედრა სოჭში, 2018 წლის 21 ნოემბერი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განიხილავს სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხსაც.

„განვიხილავთ ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს, აეროპორტის საკითხს. ამჟამად დაკავებული ვართ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით, სპონსორის მოზიდვით, ის უარს არ ამბობს“ - თქვა ხაჯიმბამ „აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიასთან“ ინტერვიუში.

ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრა 6 აგვისტოს, სოჭში გაიმართება.

ივლისის ბოლოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. აეროპორტს მიანიჭეს "ერთობლივი ბაზირების სტატუსი" და "საერთაშორისო კოდი URAS." ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს.

აგვისტოს დასაწყისში, საქართველომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მიმართა, სათანადოდ შეაფასოს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის.

თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია.

ICAO-ს განმარტებით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთიც შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR, რომლის შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის, ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა შეუძლებელია საქართველოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის განიხილავს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად.

XS
SM
MD
LG