Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლო უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს


მორის მაჩალიკაშვილი
მორის მაჩალიკაშვილი

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივარი. EMC ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ.

EMC-ს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე.

განჩინების თანახმად, - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში - მორის მაჩალიკაშვილს გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“.

EMC-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ავტომატურად არსებობს ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც.

სასამართლო მორისის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებად აღიქვამს“, - აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" განცხადებაში. განცხადების თანახმად, მორის მაჩალიკაშვილის მიმართ დარღვეულია როგორც უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტები.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება.

„იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზების ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. მის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

სააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული EMC -ს კიდევ 3 პირის საჩივარი სცნო დაუშვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG