ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გაფიცულმა მუშებმა სამსახურები დატოვეს. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მოლაპარაკებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება კი არ სურთ.
„არანაირი აზრი აღარ ჰქონდა მათთან ლაპარაკს და საერთოდ დავიშალეთ ყველანი. წამოვედით. მარტო ჩინელები დარჩნენ, 7-8 კაცი“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიშვილმა, რომელიც ობიექტზე მუშად მუშაობდა.
აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზესაქართველოს სამოცამდე მოქალაქე იყო დასაქმებული. ისინი შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისგან“ დღიური ანაზღაურების 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით გვირაბიც გადაკეტეს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
„შრომის ინსპექციამ ადრე შეამოწმა ობიექტი და იმის გამო, რომ იქ შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, დროებით დაკეტა. ამ გაცდენილი სამუშაოს ანაზღაურებასაც ითხოვდნენ დასაქმებულები. ჩვენ ვიყავით მოლაპარაკებებში ჩართული და დამსაქმებელი არაფერზე არ დათანხმდა“, - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ.