Accessibility links

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მახლობლად მშენებლობას აწარმოებენ

ბერშუეთი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბერშუეთისა და კირბალის მახლობლად, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მთის ძირში საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა და გზის გაფართოება მიმდინარეობს.

კირბალელები და ბერშუეთელები მეორე კვირაა შორიდან აკვირდებიან ტრაქტორების და ექსკავატორების მუშაობას. „სოფლის ბოლოდან ჩანს გადათხრილი, ტყე ჩამოიღეს სულა დაბლა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბაზას აკეთებენ და გზაც მანდვე გაჰყავთ. არადა გამოყოლებაზე 7 ბაზა აქვთ და რაღა ბაზა უნდათ?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კირბალის მცხოვრებმა, გიორგი დოთიაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცტექნიკა ოკუპირებული ღრომის ხეობიდან შეჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი

"სირცხვილიას" მანიფესტი: ერთობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს​​

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოძრაობის მოქმედების გეგმა გააცნო. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ მომიტინგეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს.

ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები!

🔴 ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს… ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები – ყველა ის, ვისი სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

🔴 და როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით მას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობა იყო, რამაც მოგვიტანა თავისუფლება, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და რამდენიმე კვირის წინ ამანვე მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება – პროპორციული არჩევნები! რადგან როცა ერთად ვდგებით, აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკომპრომისო და უკანმოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!

🔴 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის, მედიის ორმოცამდე წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი.

ჩვენ ამას არ ვპატიობთ!

🔴 დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი.

და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ!

🔴 ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო. იგი აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას.

დღეს, 2019 წლის 20 სექტემბერს ჩვენ, მისმა უდიდებულესობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.

🔴 ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, აქ შეკრებილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

🔴 ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს.

ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის – საქართველოა უალტერნატივო.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის:

  • შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს!
  • იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს!
  • შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის აქტივისტებს!
  • შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!
  • შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს!
  • ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისათვის, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!

ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში! ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენ ქვეყანას არც იმ, არც სხვა ერთის ნებას და ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავნებდებით!

მაუკა ხაზარაძე: გამოვედი იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი არ ვარგა, არც ქვეყანა

მამუკა ხაზარაძე

გამოვედი იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი არ ვარგა, არც ქვეყანა არ ვარგა, არც ადამიანი არ ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ ის განვითარების პერსპექტივა რომელიც არასდროს არ დადებულა სამწუხაროდ. არ დადებულა ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე.

ხაზარაძის თქმით, საზოგადოებამ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება უნდა შეძლოს იმისთვის, რათა გამარჯვებული და ბედნიერი ქვეყანა ააშენოს:

„ბიძინა ივანიშვილის კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა, დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ ჩვენ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ან შეძლებს ძალიან მოკლე დროში, ერთ წელში მობილიზებას, პროგრამის დადებას და ძალიან სწრაფ ცვლილებებს, ან ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემები წინაშე-უმუშევრობის, ეკონომიკის ვარდნის, ინვესტიციის არშემოსვლის, გაურკვეველი ვექტორის, ერთმანეთზე გადაკიდების. დახლეჩილი საზოგადოების“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თავის საპროტესტო აქციაზე. მისი თქმით, ეს არის მისი პირველი ამგვარი გამოსვლა.

თბილისში, პარლამენტის წინ, მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენებიდან 3 თვის თავზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს.აქციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიებიც. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილია.

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს

აშშ-მა დაუწესა ირანის უწყებებს, სხვათა შორის მის ცენტრალურ ბანკს და სამთავრობო საინვესტიციო ფონდს, ახალი სანქციები საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. აშშ ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რიადი თვლის, რომ ნავთობის მის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლთან ჟურნალისტებს ამცნო, რომ ეს სანქციები უმკაცრესია, როგორიც კი ოდესმე დაუწესებიათ რომელიმე ქვეყნისთვის.

სანქციები შეეხება ცენტრალურ ბანკს, სამთავრობო სიანვესტიციო ფონდს და ირანში დაფუძნებულ კომპანიას, „ეთემად ჰეჯარათე ფარს“, იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

განცხადებაში წერია, რომ ეს ორგანიზაციები მთავარ საფინანსო წყაროს წარმოადგენენ ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის, მისი უცხოური ფილიალის „ყუდსის“ ძალების და შეიარაღებული მოძრაობის, „ჰიზბოლასთვის“.

ვაშინგტონმა ნაბიჯი გადადგა სპრსეთის ყურეში დაძაბულობის ფონზე, რაც გამწვავდა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე 14 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ.
იემენში მოქმედი, ჰუთის მიმდევარი მეამბოხეები, რომლებსაც თეირანი ეხმარება, აცხადებენ, რომ მათ განახორციელეს თავდასხმა.

აშშ ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რიადი თვლის, რომ ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას. თეირანი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.

მიშა მშვილდაძე: მოითხოვდნენ, ზოგიერთ უმცირესობასთან გვერდით არ დავმდგარიყავით

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ტიბუნიდან სამი მთავარი სიტყვა ისმოდა: თავისუფლება, ერთობა, თანასწორობა.

მშვილდაძე ამბობს, რომ თანასწორობა ნიშნავს ყველას თანასწორობას.

„ყველანი თანასწორები ვართ, პოლიტიკური უმცირესობებიც, ეთნიკური უმცირესობებიც, რელიგიური უმცირესობებიც, სექსუალური უმცირესობებიც. ეს არის ამ აქციების მთავარი მონაპოვარი. ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ ცოტა „გვეპოპულისტა“ ამ მიმართულებით და ზოგიერთ უმცირესობასთან გვერდით არ დავმდგარიყავით, მაგრამ - არა! არა!“ - თქვა მიშა მშვილდაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20 ივნისის შემდეგ ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან ბოლო, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება. 21 სექტემბრიდან მოძრაობა სხვა ფორმით განაგრძობს საქმიანობას.

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბერლინში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშეს უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეა

ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეა.

ამის თაობაზე, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა ბერლინში რუსეთის საელჩოს პრეს-აშატემ, ოლეგ კსენოფონტოვმა, რომლის სიტყვებით, ეჭვმიტანილმა დაკავების შემდეგ მოითხოვა რუს დიპლომატებთან შეხედრა. მათთან შეხვედრაზე მან დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. როდის შედგა ეს შეხვედრა, არაა ცნობილი.

კსენოფონტოვმა ამასთან თქვა, რომ რუსეთის დიპლომატებს არ უნახავთ ეჭვმიტანილის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.

პერს-ატაშეს არ დაუსახელებია ეჭვმიტანილის გვარი. გერმანიის ხელისუფლებას არ გაუმხელია ასევე დაკავებულის ვინაობა, ითქვა მხოლოდ, რომ ის 49 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა.

„შპიგელის“, "ბელინგკატის ჯგუფის", ასევე „ინსაიდერის“ გამოკვლევით, ეჭვმიტანილი გერმანიაში ჩავიდა რუსეთის მოქალაქის, ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. პასპორტი მან მიიღო უცხოეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი მონაცემების ადამიანი არ მოიპოვება.

სოკოლოვის უცხოეთის პასპორტის მონაცემებიდან ჩანს, რომ მას დოკუმენტი მისცა იმავე ქვეგანყოფილებამ, რომელიც გასცემდა უცხოეთის პასპორტებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო თანამშრომლებს. კვლევის ავტორები დაასკვნიან, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში გარეული არიან რუსეთის სპეცსამსახურები. ამავე ვერსიას იზიარებენ მოკლულის ნათესავები. გამოძიებას ოფიციალურად თავის ვერსია არ გამოუქვეყნებია.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, პარკში მოკლეს.

საპატრიარქო: კირილეს ქმედება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება რუსეთის პატრიარქის მილოცვას. პატრიარქმა კირილემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ხელახლი არჩევის შემდეგ რაულ ხაჯიმბას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიტენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედიაში კომპანიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

„Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. მერიდიანი ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები.

მერიდიანს და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით - მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. მერიდიანის გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის:

ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა

  • მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი)
  • Food Union - ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში
  • Novaport - ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში,

წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია - ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე.

მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენეჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/

კონსორციუმი განმარტავს, რომ მერიდიანი არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.

კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტრამპი თავს იცავს ინფორმატორის „სასაცილო“ საჩივრის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავი დაიცვა ინფორმატორის ოფიციალური საჩივრის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან სატელეფონო საუბარს.

მას არ დაუსახელებია სახელმწიფო, თქვა მხოლოდ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, რომ ჰქონდა „სრულიად კარგი და ორმხრივი პატივისცემის“ გამომხატველი საუბარი. „არაფერი იყო ცუდი“, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რეპორტიორებთან საუბრისას, ტრამპმა საჩივარს უწოდა „სასაცილო“ და დასძინა, „ის მიკერძოებული ინფორმატორიაო“.


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საჩივარი, რომელსაც დაზვერვის სამთავრობო ორგანო „სერიოზულს“ და „სასწრაფოს“ უწოდებს, კონგრესს გადაეცეს.

„ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა ორი ყოფილი ოფიციალური პირის განცხადებას, რომ საქმე უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ „დაპირებას“ ეხება, რომელიც იმდენად საგანგაშო იყო, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, სპეცსამსახურების გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა საჩივარი.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმოწმებს ამ საქმეში გარკვეული ორი პირის ნაამბობს, რომ „ბრალდების, სულ მცირე, ერთი ნაწილი ეხება უკრაინას“. იქვე ნათქვამია, რომ თავიდან არ იყო ცხადი, როგორ ეწერებოდა ბრალდებაში უკრაინა.

მიმომხილველები ირიბ მინიშნებებს აკეთებენ, რომ საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომელიც საჩივრის შედგენიდან ორკვირა-ნახევრით ადრე გაიმართა.

სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩივრის დეტალების კონგრესისთვის გადაცემა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ისურვა.

გენერალური ინსპექტორი ვაშინგტონის სპეცსამსახურების შიდა ზედამხედველია, რომელიც პოლიტიკური მითითებებისგან დამოუკიდებლად იძიებს და ამხელს გადაცდომებს. ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამდე დადგენილი წესის თანახმად, შიდა ინფორმატორებმა პირველ რიგში გენერალურ ინსპექტორს უნდა მიმართონ.

კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ კიევშიც. ცნობილია, რომ ტრამპი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრა 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.

პრეზიდენტის სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს:

„ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ გაიგონოს და დაინახოს ჩვენი პროტესტი, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოხატავს ამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისადმი, რომელიც არჩეული იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით, რომელშიც ჩართული იყო კრიმინალური სამყარო და და ამ კრიმინალური სამყაროს მიმართ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს თავისი ვალდებულებები, ახლა ეს ქალბატონი ისტუმრებს ამ ვალდებულებებს კრიმინალური სამყაროს მიმართ“, - განაცხადა გია ბარამიძემ.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა მარიამ რიგვავამ განაცხადა, რომ ახალგაზრდები იწყებენ მოძრაობას „შეცვალე“. „ჩვენ შევცვლით და მინდა, რომ თქვენც დაიჯეროთ ჩვენი ძალის. ჩვენ შევცვლით“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები 20 საათისთვის გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობის წინ და „სირცხვილიას“ შეუერთდებიან.

საქართველოს პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20 ივნისის შემდეგ ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან ბოლო, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება. 21 სექტემბრიდან მოძრაობა სხვა ფორმით განაგრძობს საქმიანობას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დღეს არის განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ინტერესების ჯგუფების დღე. მისივე თქმით, აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდება.

აქციაზე „სირცხვილიას“ სამოქმედო გეგმის შესახებაც გახდება ცნობილი.

მდინარაძე შეწყალებაზე: წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი ლოგიკა 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას შეწყალების საკითხის განმარტებისკენ მოუწოდებს.

„უმრავლესობის არაერთმა წევრმა გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც ეს საბუთები მოამზადა, ვინც ამ სიაზე იმუშავა, ვინც შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს. პრეზიდენტის მხრიდანაც ჩვენ ველოდებოდით დეტალურ განმარტებას, მაგრამ ვნახეთ, რომ მან მორატორიუმი გამოაცხადა თავისივე გადაწყვეტილებაზე და ეს თავის მხრივ შეიცავს პრობლემებს“, - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტების შეწყალების საკითხების შესახებაც საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, წინა პრეზიდენტების შემთხვევებშიც მიიღებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებები, მაგრამ არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი ლოგიკა შეწყალებებთან დაკავშირებით.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით და არგუმენტებით შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანები.

„როცა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, როცა ვაფასებდით მიხეილ სააკაშვილის ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ის შეწყალებას იყენებდა თავისიანებისთვის, ეს ვიცოდით. შემდეგ, იგივე პრაქტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აქაც პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ვაკრიტიკებდით, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ეს ლოგიკაც კი არ ჩანს და ზუსტი პასუხი ამწუთას არ მაქვს, რის გამო შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის ადამიანები, რამაც სავსებით სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, გამოძიების შედეგები მოგვცემს საშუალებას, ყველა საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცეს.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ცქიტიშვილი თქმით, საქმე ეხება არა შეზღუდვის, არამედ სამუშაო სტანდარტის შემოღებას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.

„რეალურად დაგეგმილი ცვლილება შემზღუდავი არის დამსაქმებლისთვის და არა დასაქმებულისთვის. დასაქმებულს აქვს უფლება, იმუშაოს როგორც უნდა, ხოლო დამსაქმებელი გარკვეულწილად იზღუდება, რომ არ მოახდინონ ექსპლუატაცია და შრომის გამოყენება“, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

პროექტი კვირის განმავლობაში ნორმირებული 40-საათიანი სამუშაო დროისა და 8-საათიანი ზეგანაკვეთურის ამოწურვის შემდეგ, კრძალავს დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ მუშაობას.

„ადამიანის რესურსიც ხო ამოწურვადია, მით უმეტეს მექანიკურ სამუშაოზე. ამიტომ, კანონი და ინსტიტუციები რეალურად დაიცავს მას“, - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატი იმ შემთხვევის შესახებაც საუბრობს, თუ ადამიანს საკუთარი ნებით სურს მუშაობა.

„ადამიანს შეიძლება არ აწუხებს და 20 საათი შეუძლია, იმუშაოს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, თუ პრობლემა არ იქმნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას ვერავინ დაარეგულირებს.

„ხოლო, თუ პრობლემა დადგა, კანონმა რაღაც სტანდარტი უნდა შექმნას. ნებისმიერი უფლებრივი სტანდარტი რთულად აღსრულებადია, მაგრამ სტანდარტი სახელმწიფომ უნდა შექმნას“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატის თქმით, კანონით ბევრი რამ დღესაც დარეგულირებულია, მაგრამ ისე არის დაწერილი, რომ შესაძლებელია თავის არიდება. „სწორედ ამ გზებს ვკეტავთ და ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს“, - გვეუბნება ცქიტიშვილი და დასძენს: - „იდეა არის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება. ამასთან, პროექტის მომზადება ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარეობს. იმის გამო, რომ პროექტში მოცემულ სხვა საკითხზე ვერ გვიტევენ, რადგან მორალთან წინააღმდეგობაშია, უნდათ, ეს საკითხი დასაქმებულთა თავისუფლების შეზღუდვად მონათლონ. სინამდვილეში ეს დამსაქმებლების შეზღუდვაა, რომ ადამიანთა ექსპლუატაცია არ მოახდინონ“, - ამბობს დეპუტატი.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება 25%-ით უნდა აღემატებოდეს ნორმირებულს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სპეკულაციები და ინტერპრეტაციები დაიწყო მანამ, სანამ დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებდეს.

როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა და პრინციპების დონეზე ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გასულ შაბათ-კვირას განიხილეს.

მსჯელობაში ბიზნესასოციაციები, არასამთავრობო სექტორი და სამთავრობო სტრუქტურები მონაწილეობდნენ. მომავალში განხილვის სხვადასხვა ეტაპი არის დაგეგმილი, მათ შორის, სხვადასხვა თავისა და თემის მიხედვით. როგორც ცქიტიშვილი გვეუბნება, პარლამენტში განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში ჩადებულია საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონმდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორე მხრივ, იზღუდება დასაქმებული - თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები“, - ბიზნესომბუდსმენის შეფასებას „პირველი არხი“ აქვეყნებს.

„სირცხვილიას“ აქციამდე „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბება

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდება. პარლამენტთან ისინი ათონელის ქუჩიდან გადაინაცვლებენ. ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან იკრიბებიან და ტრანსპარანტებით აპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ პატიმართა შეწყალების აქტს.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 19 საათზეა დაგეგმილი. აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე იმართება. მასში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ.

ღანი არმიის ოპერაციებისას მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის თავიდან აცილების ზომებს მიმართავს

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ პირობა დადო, რომ მიმართავს ზომებს, რათა მომავალში არმიის ოპერაციებისას თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. ღანიმ ეს განაცხადა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სულ მცირე, 30 სამოქალაქო პირი მოკლეს აშშ-ის დრონით განხორციელებული იერიშისას ნანგარჰარის პროვინციაში.

ღანიმ განაცხადა 20 სექტემბერს, რომ მან წარადგინა წინადადებები, რათა აღარ განხორციელდეს ღამის სამხედრო ოპერაციები და თავდასხმები, რომლებსაც მოჰყვება სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვა. მან დასძინა, რომ ტარდება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად შემუშავებული ზომები. ავღანეთის პრეზიდენტმა ამ ზომებზე ილაპარაკა ჯალალაბადში, ნანგარჰარის პროვინციაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილია 28 სექტემბრისთვის.

19 სექტემბრის თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც მუშაობდნენ კედრის კაკლის შეგროვებაზე. დაშავდა 40 პირი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა თავდასხმა დაადასტურეს. სოფელ ვაზირ ტანგის უხუცესებმა წინასწარ გააფრთხილეს მხარის გუბერნატორი, რომ გეგმავდნენ 200-მდე მუშის და მათი შვილების დაქირავებას კედრის კაკლის დასაკრეფად.

ამის ფონზე სამხრეთ ავღანეთში 19 სექტემბერს თვითმკვლელის მიერ საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა და 39-ს მიაღწია.ზაბულის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, გულ ისლამ სიალმა განაცხადა, რომ ყალათში დაჭრილთა რიცხვმა მიაღწია 140-ს.

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ორგზის (2017 და 2018) ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დღესვე, მსოფლიო კონკურენციაში კიდევ სამი ქართველი ჩაება და მათგან ორი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს. ირაკლი მწითური (92) რეპეშაჟის ფინალშია და საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ) კი კვარცხლბეკზე ასასვლელად სამი მეტოქის ძლევა სჭირდება.

პეტრიაშვილი, იაკობიშვილი და მწითური ხალიჩაზე ხვალ გავლენ, თბილისის დროით 16:00 საათიდან. ხვალვე, დილიდან დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 79, 86 და 97 კილოგრამებში. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

მსახიობ პაველ უსტინოვს ციხიდან პირობით ათავისუფლებენ, ადრე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ფონზე

მოსკოვის სასამართლომ, საზოგადოების მღელვარების შემდეგ, გადაწყვიტა ციხიდან გამოუშვას მსახიობი პაველ უსტინოვი, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი მისთვის პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენების ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გამო.

უსტინოვს 16 სექტემბერს სამწლინახევრით პატიმრობა მიესაჯა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის და ეროვნული გვარდიის წევრის მიმართ ძალადობისთვის. უსტინოვი, რომელიც ადრე ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ 3 აგვისტოს დემონსტრაციის მახლობლად იდგა.

23 წლის უსტინოვი სხვა არაერთ პირთან ერთადაა გასამართლებული ბოლო ხანებში მოსკოვში გამართულ აქციებში მონაწილეობის დროს სხვადასხვა ბრალდებით. პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდნენ დემონსტრაციების დროს და მათ მერე გამოყენებული ტაქტიკის გამო. კრიტიკულად განწყობილების თანახმად, მათი მკაცრი ქმედება სხვების დაშინების მცდელობაც იყო.

უსტინოვს არ შეუძლია ქალაქის დატოვება, სანამ სასამართლო მის საჩივარს არ განიხილავს.

უსტინოვისთვის გამოტანილ განაჩენს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა. ათეულობით პოლიტიკოსმა, კულტურის სფეროს და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, სასულიერო პირმა, მასწავლებელმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა გამოხატეს მის მიმართ მხარდაჭერა.

სალომე ზურაბიშვილი გაეროში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დიღმის ტყე-პარკში „ორანჟერეის“ მშენებლობა სასამართლომ დროებით შეაჩერა

დიღმის ტყე-პარკის განაპირას მულტიფუნქციური ცენტრის „ორანჟერეის“ მშენებლობა კომპანია „ანაგს“ დროებით, სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას, თავის მხრივ, ავრცელებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“. ორგანიზაციის შეფასებით, დიღმის ტყე-პარკის განაპირას, „კია მოტორსის“ შენობის ტერიტორიაზე მშენებლობის დროებითი შეჩერება პირველი პოზიტიური ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ბრძოლამ შედეგი გამოიღოს.

მოსარჩელე მხარის,„უსაფრთხო სივრცის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს. როგორც მისმა ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ გვითხრა, 16 სექტემბერს სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა, სასამართლო დავის დასრულებამდე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ შემთხევაში, თუ საქმის განხილვის პარალელურად კომპანია იქ სამუშაოებს აწარმოებდა, შესაძლოა დამდგარიყო შეუქცევადი შედეგი, რა დროსაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი ვეღარ აღდგებოდა ის სიკეთე, რაც დავის დაწყების დროს იყო“, - გვითხრა სულხან სალაძემ.

დავა კომპანია „ანაგის“ წინააღმდეგ „უსაფრთხო სივრცემ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის ნებართვა და სამუშაოები, რომლის შესრულებაც იგეგმება, უკანონოა. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ 3 ნაკვეთს ფლობს, ჯამში 17 000კვ.მ-ზე მეტს. ფართის ნაწილი დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული კომპანია „კია მოტორსს“. „კია მოტორსს“ აქ ავტომობილების მომსახურების ცენტრი აქვს გახსნილი. „ანაგი“ ცენტრის ადგილას მრავალფუნქციური „ორანჟერეის“ აშენებას აპირებს.

საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის მიღების აუცილებლობა დასაბუთებული იყო იმით, რომ „კოდექსით განსაზღვრული ბავშვის უფლებების, მისი დაცვის და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის განვითარებას მისი ინდივიდუალობის, საზოგადოებრივი ინტერესების და ღირებულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, მის ორიენტირებას შრომაზე, როგორც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ მორალურად გამართლებულ საშუალებაზე, ორიენტირებას ოჯახზე, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებაზე საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციაში და საზოგადოებისა და ინდივიდის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებაზე, ორიენტირებას ცხოვრების ჯანსაღ წესსზე, როგორც საზოგადოების განვითარების უცილობო წინაპირობაზე და ორიენტირებას მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობის და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე“.

ავტორთა განმარტებით, კოდექსის მიღებით იქმნება სახელმწიფოს სისტემური ხედვა, სამართლებრივი საფუძველი ბავშვის კეთილდღეობისთვის. თუმცა, მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გარდა, იმისათვის, რომ ამ კანონმა რეალურად გადაჭრას ზემოთ აღნიშნული პრობლემები, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებით კოდექსის აღჭურვა, რაც მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს.

ასეთი მექანიზმებია:

· კონკრეტული, კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროგრამები, მათი დამტკიცებისა და ამოქმედების ვალდებულების გაწერა კანონში კონკრეტულ ვადებში.

· საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

· კოდექსის საიმპლემენტაციო გეგმის შექმნა და დამტკიცება, რაც ასევე კოდექსითაა გათვალისწინებული.

· სახალხო დამცველის როლის გაძლიერება.

· იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება.

· სასამართლოს გაძლიერება, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი.

კოდექსის მოსალოდნელი შედეგები:

· განისაზღვრება სახელმწიფო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას.

· გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება სიღარიბე, კრიმინალი, ძალადობა, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულება.

· გაძლიერდება ოჯახი და შეიქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის.

· გაძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრების სათანადო პირობებისა და განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმები.

· შეიქმნება ბავშვის მხარდაჭერის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს, მათ შორის გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

· შეიქმნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე ძალადობის, უხამსობის და სხვა მავნე შინაარსისგან დაცვის სისტემა.

· შეიქმნება მექანიზმები ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების.

· შეიქმნება ბავშვის ძალადობისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმები, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრა ე.წ. ბულინგი.

· ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა სისტემურად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე.

ბავშვის უფლებათა კოდექსი შედგება 4 კარის, 14 თავის და 100 მუხლისგან.

აშშ-ის მედია: ტრამპის თაობაზე ინფორმატორის საჩივარი უკრაინას ეხება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თაობაზე ინფორმატორის საჩივარი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ თანამშრომელს ეკუთვნის, უკრაინას ეხება, - იტყობინებიან „ვაშინგტონ პოსტი“ და აშშ-ის სხვა საინფორმაციო საშუალებები.

„ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა ორი ყოფილი ოფიციალური პირის განცხადებას, რომ საქმე უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ „დაპირებას“ ეხება, რომელიც იმდენად საგანგაშო იყო, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, სპეცსამსახურების გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა საჩივარი.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმოწმებს ამ საქმეში გარკვეული ორი პირის ნაამბობს, რომ „ბრალდების, სულ მცირე, ერთი ნაწილი ეხება უკრაინას“. იქვე ნათქვამია, რომ თავიდან არ იყო ცხადი, როგორ ეწერებოდა ბრალდებაში უკრაინა.

მიმომხილველები ირიბ მინიშნებებს აკეთებენ, რომ საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომელიც საჩივრის შედგენიდან ორკვირა-ნახევრით ადრე გაიმართა.

სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩივრის დეტალების კონგრესისთვის გადაცემა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ისურვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა გენერალურ ინსპექციაში შეტანილი საჩივრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს თავდაპირველად „ყალბი ამბავი“ უწოდა.

„ყოველთვის, როდესაც ტელეფონით ვლაპარაკობ რომელიმე უცხოელ ლიდერთან, ჩემთვის ნათელია, რომ ამ საუბრებს ბევრი ვინმე ისმენს: აშშ-ის სხვადასხვა უწყება, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე... როდესაც ეს ყველამ ვიცით, განა რჩება ვინმე, საკმარისად სულელი იმისთვის, რათა დაიჯეროს, რომ უცხოეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას რამე შეუფერებელს ვიტყოდი?“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

გენერალური ინსპექტორი ვაშინგტონის სპეცსამსახურების შიდა ზედამხედველია, რომელიც პოლიტიკური მითითებებისგან დამოუკიდებლად იძიებს და ამხელს გადაცდომებს. ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამდე დადგენილი წესის თანახმად, შიდა ინფორმატორებმა პირველ რიგში გენერალურ ინსპექტორს უნდა მიმართონ.

კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ კიევშიც. ცნობილია, რომ ტრამპი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრა 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.

რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია აქციით გააპროტესტეს

საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს.

20 სექტემბერს სამოქალაქო აქტივისტები, აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ახიადოვის ექსტრადიცია დაგმეს.

"გადასცეს ქვეყანას, სადაც მე ახლა მაქვს შეგრძნება, რომ ამ წუთებშიც კი აწამებენ", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: "[რუსეთში] ჩეჩნებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან".

ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს 19 სექტემბერს გადასცა. რუსეთში ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესებში ხალხის მობილიზებას ედავებიან და მას ინტერპოლით ეძებდნენ.

რამზან ახიადოვი, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, ახიადოვი ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს სთხოვდა საქართველოს, თუმცა უარი მიიღო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ "ის ჩვენთან თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ასევე უწყობდა ხელს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას". წულუკიანის თქმით, საქართველომ რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა და ამიტომ დათანხმდა მის ექსტრადიციას.

დევნილები: სანამ მინისტრი ან პრემიერი არ შეგვხვდება, არ დავიშლებით

დღეს მეოთხე ღამე იქნება, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსაცდელში გაათევენ.

დევნილები მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ცრუ დაპირებებს ისმენენ და 27 წელია ბინის გარეშე არიან.

მოსაცდელში მყოფი დევნილებიდან ზოგი ბინის მიღების უსასრულო მოლოდინშია,ზოგსაც კი იმედი გადაუწურეს და უთხრეს, რომ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნანა ბუკია რადიო თავისუფლებას ესაუბრა:

„ახლა ორმოცამდე ადამიანი ვართ და კიდევ შემოგვიერთდებიან. ვერაფერი შედეგი რომ ვერ მივიღეთ, მივმართეთ უკიდურეს ზომებს, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი შვილიშვილები და შვილები დგანან. როდემდე უნდა ვიხადოთ დევნილებმა საკუთარ ქვეყანაში ქირა. ყველას დავალიანებები გვაქვს, სამინისტრო კიდევ ქირას არ გვიხდის. იყო მოსული მონიტორინგი და დაწერა, რომ გაუსაძლის პირობებში ვართ, ჭერიდან წყალიც ჩამოდის, ჩემი პირობები წლებთან ერთად არ შეცვლილა, მათგან კი მომივიდა წერილი, რომ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებთ. არავითარი მონიტორინგი მეორეჯერ არ მოსულა და ასეთი პასუხი მივიღეთ, ასე არიან ძალიან ბევრნი კიდევ“.

ნანა ბუკიას თქმით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ შეხვდებიან, მინისტრის მოადგილესთან კი შეხვედრა არ სურთ, რადგან ამბობენ, რომ მხოლოდ ფუჭ დაპირებებს ისმენენ.

„მინდა ასევე ვთქვა, რომ პოლიტიკურ ჭრილში ამ ამბის გადატანა არის დიდი ტყუილი, ეს არის სოციალური პროტესტი და ჩვენ ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ბინებს, რომელიც 27 წელია არ მიგვიღია“, - უთხრა ნანა ბუკიამ რადიო თავისუფლებას.

როგორც რადიო თავისუფლებას სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. მინისტრის მოადგილემ კი აქციის მეორე დღესვე გააკეთა საგანგებო განცხადება.

დევნილები კი არ აპირებენ აქციის შეწყვეტას, სანამ მათ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ან პრემიერ-მინისტი გიორგი გახარია არ შეხვდება.

პატიმართა შეწყალების საკითხზე შესაძლოა, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნაც მოითხოვონ

პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, თუ პროკურატურა არ გამოიძიებს მსჯავრდებულთა შეწყალებისას სავარაუდო, კორუფციულ ინტერესებს.

„ჩვენ პროკურატურას რეალური შედეგების დასადებად ერთთვიან ვადას ვაძლევთ. ამის გამოძიება არ არის რთული, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ჩემი კოლეგების წყარო და უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტული კორუფციული ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ. თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები, გადამოწმდება კომუნიკაცია“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ. მისი განმარტებით, თუ პროკურატურა ამას არ გააკეთებს, პარლამენტს წარუდგენენ დადგენილების პროექტს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურატურიდან, ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, დაიწყება პროცესი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის", - თქვა ოთარ კახიძემ.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო, კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

20 სექტემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.“

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

ნიუ-იორკში იხსნება გაეროს გენერალური ასამბლეა

20 სექტემბერს ნიუ-იორკში იხსნება გაეროს გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც, მოელიან, რომ მონაწილეობას მიიღებენ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი. იუწყებიან, რომ მათ აშშ-ის ვიზები უკვე მიიღეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი გეგმავს, ასამბლეის დროს შექმნას საერთაშორისო კოალიცია ირანის წინაღმდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 19 სექტემბერს აბუ-დაბიში განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის არცერთ ქვეყანას არ ეპარება ეჭვი, რომ სწორედ ირანი დგას საუდის არაბეთის ნავთობგადადამუშავებელ ქარხნებზე 14 სექტემბერს განხორციელებული სარაკეტო იერიშების უკან.

ამასთან პომპეომ დასძინა, რომ აშშ-ს სურს ირანთან არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა და არა მასთან ომი.

დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ფაქტზე, პროკურატურაში არ აზუსტებენ

„ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება კანონის შესაბამისად“, - უპასუხეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას კითხვაზე, ვინ არის დაბარებული პროკურატურაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის გარდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

გენერალურ პროკურატურაში არ საუბრობენ, დაიკითხება თუ არა დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტი ან მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG