თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ქალის მიმართ მუქარით გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში ბრალდებული კ.ხ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის განცხადებით, შემთხვევა მოხდა 2019 წლის 2 იანვარს, თბილისში, დაახლოებით 20:30 საათზე. ბრალდებული ჯერ ლ.მ.-ს დაესხა თავს და კისერზე ხელის მოჭერითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა, თუმცა დაზარალებულის წინააღმდეგობისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. ამის შემდეგ კ.ხ. იგივე განზრახვით თავს დაესხა ნ.შ-ს.
„ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა კ.ხ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა; 2 ეპიზოდი) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.