Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომად მიიჩნევს კოჰაბიტაციას "ნაციონალურ მოძრაობასთან"


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

"ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია", - წერს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

იგი პოსტში აღშფოთებას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ომთან დაკავშირებით განცხადებაში გამოთქმული იმ მოსაზრების გამო, რომლის თანახმადაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის დახმარებით მოვიდა.

„რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი და შეცდომად მიიჩნევს „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციას:

ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის აზრითაც, დეოკუპაციის გზაზე საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ „სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან“.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოო დამარცხება სჭირდება.

XS
SM
MD
LG