Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო Facebook-კომენტართან დაკავშირებული სარჩელის ავტორს პასუხობს


იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ იურისტ გიორგი ნონიაშვილის საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარის წაშლას ასაჩივრებს, განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაეცა. უზენაესი სასამართლოს ამ განჩინების შესახებ მოსარჩელემ 6 აგვისტოს შეიტყო.

იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას წერილობით განუმარტა უზენაესი სასამართლოს განჩინების შესახებ საკუთარი პოზიცია. საქმე ეხება იურისტ გიორგი ნონიაშვილის სარჩელს, რომელიც ამტკიცებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერილი კომენტარის წაშლით და სამინისტროს გვერდის მიერ მანგარიშის დაბლოკვით, სახელმწიფომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.

„უზენაესმა სასამართლომ განიხილა მხოლოდ სარჩელის განსჯადობის საკითხი და მოსარჩელის მიერ არასწორად წარდგენილი სარჩელის თაობაზე მიიღო განჩინება იმის შესახებ, თუ რომელ სასამართლოს უნდა განეხილა მოცემული დავა.

უზენაესმა სასამართლომ ეს დავა დაუქვემდებარა არა იმ კოლეგიას, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ შეცდომით, არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

განჩინებაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის პოზიციის მხარდაჭერაზე ან რაიმე ტიპის დარღვევაზე. შესაბამისად, იურისტ გიორგი ნონიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა „უზენაესმა სასამართლომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით სოციალური ქსელების შესახებ პირველი საქმე არსებითად განიხილა, გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო“, ამ საქმეში დაინახა „გამოხატვის თავისუფლების დარღვევა“, ანდა რომ საქმე გვაქვს საქართველოში პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც იცავს მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, წარმოადგენს ან შეგნებულ დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ტყუილის გავრცელების გზით, ან უკიდურეს არაკვალიფიციურობას - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტოს წერილში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნონიაშვილის სარჩელი სამინისტროს ჯერაც არ ჩაბარებია. ამდენად, სამინისტრო დავის არსებით მხარეზე, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

იურისტმა გიორგი ნონიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან შეაფასა უზენაესი სასამართლოს განჩინება. ნონიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხისტ ტონალობას ხედავს. იურისტი ამბობს, რომ "უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას პირდაპირ უკარნახა, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საქმე".

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში კი ვკითხულობთ: „განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლეაბთა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG