Accessibility links

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ დაიხურება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე


„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში იმ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოტივზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებას სჭირდება საბაბად, იმისთვის, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაკოტრება ვიღაცას დააბრალოს.

„იტყვიან, ნახეთ, ამ ადამიანებმა კომპანია რა დღეში ჩააგდეს და ამიტომ ეს საცოდაობა იხურება. პაატა სალიას ჰგონია, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ეს კომპანია დაიხურება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე“, - ამბობს ნიკა გვარამია.

ტელეარხის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ამ პროცესში „რუსთავი 2-ის“ ოფიციალური მესაკუთრე ქიბარ ხალვაში არაფერ შუაშია.

„კომპანია გაკოტრებაზე წავა და აუქციონზე გაიყიდება. ვიცით, ვინც იყიდის და შემდეგ მიწად გამოიყენებს“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს გვარამია ტელეარხის მომავლის შესახებ. მას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეს ბრენდი („რუსთავი 2“) ეზიზღება.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ, სანამ ტელეკომპანიაში ამჟამინდელი ჟურნალისტები მუშაობენ, ბიძინა ივანიშვილი არხის განვითარებისთვის ფულს არ დახარჯავს, ხოლო, როცა ისინი აღარ იქნებიან, „რუსთავი 2-ის“ შენარჩუნებას ყოფილი პრემიერისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის არის 3-თვიანი ვადა, გვარამიას მტკიცებით, ივანიშვილი „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელ სარედაქციო პოლიტიკას ამ ხნის განმავლობაშიც ვერ აიტანს.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2 აგვისტოს მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა ნიკა გვარამიამ.

გენერალური პროკურატურის მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG