Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა რაქვიაშვილი: ჩეხეთი საქართველოს მხარდაჭერით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს


მარიკა რაქვიაშვილი
მარიკა რაქვიაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპაცია, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წარმატებების მიღწევა“, - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, მარიკა რაქვიაშვილის სტატიაში, რომელიც ჩეხეთის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა „ლიდოვე ნოვინიმ“ გამოაქვეყნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით.

"ლიდოვე ნოვინი"
"ლიდოვე ნოვინი"

საქართველოს ელჩი ჩეხ მკითხველს შეახსენებს, რომ ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების უგულებელყოფით, დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი; ხელი მიჰყო უკანონო საზღვრების გავლებას საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1984 წლის რუკის თანახმად და მოუსპო თავისუფალი გადაადგილების საშუალება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ როგორც ქართველებს, ისე ეთნიკურ ოსებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ რუსეთის დახმარებით აღმართული უკანონო სასაზღვრო ღობეები, მავთულხლართები, საკონტროლო-გამშვები პუნქტები და გამყოფი ტრანშეები გადაჭიმულია სამხრეთ ოსეთის 391 კილომეტრის სიგრძის ადმინისტრაციული საზღვრის 60 კილომეტრზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმები თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს, აკისრებენ მათ გამოსასყიდის გადახდას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირია ადამიანების მკვლელობებიც“, - წერს საქართველოს ელჩი.

სტატიაში, რომელშიც ხაზგასმულია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს დეოკუპაციის საკითხში, მარიკა რაქვიაშვილი ხაზს უსვამს ჩეხეთის თანამიმდევრულ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.“ ჩეხეთი თავისი მხარდაჭერით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მიუღებელია სუვერენულ ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ წესრიგზე თავდასხმა ,“ - წერს მარიკა რაქვიაშვილი „ლიდოვე ნოვინიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "დავითი გოლიათის" წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG