"თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, ვახტანგ წერეთელს გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე ძირითადად ჰქონდა პასუხი, რომ არ ახსოვს:
„ვახტან წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს - რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი“, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა. მისი განმარტებით, ვინაიდან ვახტანგ წერეთელი წარმოადგენდა “სამგორი M”-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს, მასთან გამოძიებას ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდა. მისივე თქმით, შეკითხვები განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დაისვა.
პროკურორმა უპასუხა შეკითხვას ვახტანგ წერეთლის იმ ვარაუდის შესახებაც, რომ იგეგმება მისი მამის, ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
„სამართლებრივად ვფიქრობ, არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების, ე.წ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე. ბრალდების კითხვებზე პასუხების გაცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ 11 წლის წინანდელი ისეთი საქმის გაცოცხლება, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, ეჭვებს აჩენს, მისი დაბარება საგამოძიებო ორგანოში კი "TV პირველის" საკითხს უკავშირდება:
" ტელევიზია არის დამოუკიდებელი, რჩება გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში და ველოდებით რომ იქნება შემოტევები“,- განაცხადა ვახტანგ წერეთელმა. იგი ვარაუდობს, რომ პროკურატურა გეგმავს მის მამაზე, ავთანდილ წერეთელზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ამით მასზე მანიპულირებას.