ვითარება ჯერჯერობით უცვლელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 7 აგვისტოს დაიწყეს ე.წ. საზღვრის გავლებისთვის მზადება.
8 აგვისტოს და 9 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ისინი ამ ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან. დილიდან სოფელში იმყოფებიან ჟურნალისტები, მათ შორის ბრიტანული მაუწყებლის, „ბიბისი“-ს გადამღები ჯგუფი. გუგუტიანთკარში პატრულირებს პოლიცია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან 7 აგვისტოს ჩასვეს ძელები, სადაც ე.წ. სასაზღვრო ღობე უნდა აღმართონ. სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნაწილობრივ დაინგრა, გუგუტიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ამჟამად სახლში არავინ ცხოვრობს. სოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დადგეს.
გუგუტიანთკარის მცხოვრების, გივი რაზმაძის ინფორმაციით, დღემდე სოფლის ამ ნაწილში უპრობლემოდ დადიოდნენ. საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა რაზმაძის მიწის ნაკვეთი.