Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ექვს მარშრუტზე მგზავრობის ფასი გაიზარდა


რუსთავის თვითმმართველობა საბოლოოდ დათანხმდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით ექვს მარშრუტზე მგზავრობის ფასის 30 თეთრით გაზრდაზე, რასაც
კომპანია „ინტერტრანსი“ 8 თვის განმავლობაში ითხოვდა.

2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულ დადგენილებაში 8 აგვისტოს საკრებულოს მიერ მერიის წინადადების საფუძველზე ცვლილების შეტანით, მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 1,8 ლარამდე იზრდება.

მერია დაეყრდნო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. დოკუმენტის თანახმად, „„ინტერტრანსის“ადმინისტრაციული ხარჯებისა და მისი კუთვნილი მ2 კატეგორიის მანქანების ექსპლუატაციის, მძღოლების ხელფასის, ასევე საწვავ-საპოხ მასალებზე საბაზრო ფასის გათვალისწინებით, „ერთი მგზავრის ღირებულება, საორიენტაციოდ, უნდა შეადგენდეს 1,8 ლარს“.

თუმცა „ინტერტრანსი“ ამ მარშრუტებზე მგზავრობის ღირებულების 2 ლარამდე გაზრდას ითხოვდა, რაც, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, რუსთავის თვითმმართველობამ 2018 წლის 24 დეკემბერს საკრებულოს 78-ე დადგენილებით უარყო.

მგზავრობის საფასური გაიზრდება რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ცვლილების გამოქვეყნებისთანავე.

სხდომის შემდეგ რუსთავის ვიცე-მერმა ბესიკ ტოგონიძემ „ინტერტრანსის“ გენერალურ დირექტორ სანდრო ჯაფარიძესთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ კომპანია, სამაგიეროდ, გაითვალისწინებს მერიის შენიშვნებს.

„იმედი მაქვს, შეთანხმებისამებრ, გაზრდით მიკროავტობუსების რაოდენობას, რომ მგზავრებს გაჩერებებზე ტრანსპორტის დიდი ხნით ლოდინი არ მოუწიოს“, მიმართა ვიცე-მერმა „ინტერტრანსის“ გენერალურ დირექტორს.

სანდრო ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა 10 ერთეულით გაზარდეს და ყოველდღიურად მარშრუტზე 205 სატრანსპორტო ერთეული იმოძრავებს.


ამასთან, ის არ დაეთანხმა მგზავრების პრეტენზიებს, ტრანსპორტში კონდიცირების სისტემის მოშლის შესახებ. მისი თქმით, მიკროავტობუსებში კონდიციონერები მუშაობს, თუმცა „ზოგჯერ მწყობრიდან გამოდის“.

რუსთაველმა აქტივისტებმა, რომლებიც ტარიფის გაზრდას აპროტესტებდნენ და ჩართულნი იყვნენ მიკროავტობუსების მუშაობის მონიტორინგში, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ, საკრებულოს დღევანდელი დღის წესრიგის შესახებ. რომ საკრებულო აპირებდა მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე დათანხმებას.


„ინტერტრანსი“ თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს განკარგავს, სხვა 5 მარშრუტზე, შედარებით გრძელ მანძილზე, მგზავრობის ღირებულება 2 ლარიდან 2.5 ლარამდე მერყეობს.

XS
SM
MD
LG