კამპანია "იცურე მშვიდად" აგრძელებს გამაფრთხილებელ აქციებს - 10 აგვისტოს მათ თბილისის ზღვასთან მორიგი აქცია გამართეს CENN-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
ბავშვებმა თვითონ მოიფიქრეს აქციის სლოგანი და სახიფათო ზონაში ამ შინაარსის ბანერი "აქ შენ არავინ გიცავს, ნუ გახდები მსხვერპლი, ბანაობა ამკრძალულია" თავად განათავსეს.
როგორც ამ კამპანიის ინიციატორი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, საბანაოდ სახიფათო ზონებში დამონტაჟდეს გამაფრთხილებელი ბანერები, მერიის მხრიდან ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
"ჩვენ სასამართლოც მოვიგეთ, რომლითაც თბილისის მერიას პირდაპირ დაევალა ასეთი ბანერების და ასევე ჯებირის გაკეთება აქ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. არადა, დრო გადის და საფრთხე, რომ ამ ადგილას, იქ, სადაც არაგვი თბილისის ზღვას უერთდება, კიდევ დაიღუპოს ვინმე, ისევ არსებობს", - გვითხრა ალეკო ცქიტიშვილმა.
კამპანიის "იცურე მშვიდად" ფარგლებში უკვე რამდენიმე აქცია ჩატარდა - აქციები სხვადასხვა ადგილას იმართება ხოლმე, იმის მიხედვით, თუ სად არსებობს სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე. თუმცა აქციები თბილისის ზღვიდან ამჯერად იმიტომ დაიწყეს, რომ ამ ადგილას ყველაზე მეტი მოზარდია დაღუპული. მათ შორის, თავად ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნეც.
ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამ პროცესში თავად მოზარდები ჩაერთონ, მათ იცოდნენ ამ საფთხის შესახებ და სხვებსაც გააგებინონ.
ერთ-ერთ ბანერზე, რომელიც თბილისის ზღვაზე სწორედ კამპანიის მონაწილეთა მიერ დამონტაჟდა აწერია: "აქ დაიღუპა ჩვენი მეგობარი! ბანაობა სასიკვდილოა!"