Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მთავარი დარღვევა საგზაო მოძრაობის წესებში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ 845 280 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

დარღვევებს შორის 7 ძირითადი ხასიათისაა და მათ შორის არის:

  • ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 234 132 დარღვევა;
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 175 988 ფაქტი;
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 119 813 შემთხვევა;
  • გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 56 851 სამართალდარღვევა;
  • იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ფიზიკური პირი) - 44 314 ფაქტი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 43 993 შემთხვევა;
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 37 423 დარღვევა.

შსს-ს ცნობით, გაიზარდა სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების რაოდენობაც. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, გზებზე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაიზარდა.

ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG