Accessibility links

რკინიგზელები: თუ მოლაპარაკება შედგება, არ გავიფიცებით


10 აგვისტოს რკინიგზის თანამშრომლებს გაფიცვის თარიღი უნდა გამოეცხადებინათ. თუმცა იმის გამო, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ მოითხოვა მედიაციის დაწყება, პროცესი დროებით შეჩერდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ როგორ მოიქცნენ - ორშაბათს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას გაფიცვით შეხვდნენ თუ მის გარეშე:

„როგორც ჩანს, რკინიგზის ადმინისტრაციამ საფრთხე იგრძნო და სამინისტროს მედიაციის პროცესში ჩართვა სთხოვა. არადა, პროცესი საგაფიცვო რეალობამდე სწორედ მათმა უარმა მიიყვანა. ორშაბათს უკვე დანიშნულია სამმხრივი შეხვედრა - „საქართველოს რკინიგზის“, მთავრობისა და ჩვენი მონაწილეობით. ახლა კი ვმსჯელობთ, პარალელურად ვაწარმოოთ გაფიცვა, რომლის უფლებაც მოპოვებული გვაქვს თუ გადავდოთ და ისე ჩავერთოთ მოლაპარაკებებში“, - უთხრა პროფკავშირის წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

ილია ლეჟავას თქმით, თუ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დაინახავს, რომ მოლაპარაკების პროცესი მათთვის დადებითად წავა, რკინიგზის თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან.

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები 2019 წლის 4 აგვისტოს დაანონსდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.

ამ ეტაპზე 5000 რკინიგზელი მზადაა გაფიცვისათვის, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG