რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ე.წ. მასობრივ არეულობებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენა ოპოზიციური პარტიის, „იაბლოკოს“ წევრს, 20 წლის ვალერი კოსტენოკს. ის მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებისთვის დაურეგისტრირებელი კანდიდატის, კირილ გონჩაროვის შტაბში მუშაობდა.
პარტია „იაბლოკო“ უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კოსტენოკმა დანაშაული აღიარა. პარტიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია მონაწილეობა მიიღო იმაში, რაც არ ყოფილა.
11 აგვისტოს ვალერი კოსტენოკი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რასაც წინ უძღოდა მისი ბინის ჩხრეკა. 12 აგვისტოს სასამართლო იმსჯელებს კოსტენოკისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე.
ვალერი კოსტენოკი ე.წ. მასობრივი არეულობების საქმეზე ბრალდებული მე-14 პირია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით იძიებს მოსკოვში 27 ივლისიდან დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამო აღძრულ საქმეს. უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ არანაირი მასობრივი არეულობები მოსკოვში არ ყოფილა.
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი თქვა მოსკოვის საქალაქო დუმის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე.
27 ივლისის და 3 და 10 აგვისტოს აქციებზე პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს 2 ათასზე მეტი ადამიანი.
არჩევნები 8 სექტემბერსაა დანიშნული.