სამაუწყებლო კომპანიის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეგობრებს, გულშემატკივრებს და თანამოაზრეებს თხოვს, უარი თქვან გირაოს ანგარიშზე თანხის შეტანაზე.
„წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება. ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში“ - წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.
გვარამია ყველას თხოვს, თუ მისთვის კარგი საქმის გაკეთება სურთ, არც იფიქრონ გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანაზე, რადგან ნებისმიერი თანხის შემტანი რეპუტაციულად დააზარალებს და „მიცემს შესაძლებლობას ქოცებს სასპეკულაციოდ გახადონ,“ რომ ეს მასთან შეთანხმებით მოხდა და ირიბი და შემოვლითი გზებით გააკეთა ის, რაც საჯაროდ დაგმო.
10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გენერალური პროკურატურა გვარამისთვის 80 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას 9 აგვისტოს წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ნიკა გვარამია ბრალის წაყენებას მიიჩნევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.