Accessibility links

site logo site logo

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი "რუსთავი 2"-ის წილისთვის ბრძოლას სასამართლოში იწყებს


ეროსი კიწმარიშვილი (ფოტო 2008 წლის არქივიდან)

სამაუწყებლო კომპანიის, „რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი ია კიწმარიშვილი ტელეკომპანიის წილის დასაბრუნებლად დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ია კიწმარიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ საუბარია 30%-იან წილზე.

„არავისთვის არის საიდუმლო, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის ქვეშ დაათმობინეს. მე, როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეს, მაქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, რომ ეროსის კუთვნილი წილის დაბრუნება მოვითხოვო. ეს მოთხოვნა დღეს არ წარმოშობილა და დავა დაწყებული ეროსის ჯერ კიდევ 2009 წელს აქვს. მაშინ სააკაშვილის სასამართლოში ითხოვდა ეროსი წილის დაბრუნებას, რადგან ეს წილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს და მოლაპარაკებული თანხაც არ გადაუხადეს“ - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

მისი ინფორმაციით, თანხა ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ უნდა გადაეხადა. ია კიწმარიშვილის თქმით, მაშინ სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ თანხა არ იყო გადახდილი, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„დღეს ვითარება შეცვლილია. ზუსტად მსგავსი მოთხოვნით მიმართა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს და სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ჩემი მოთხოვნაც იდენტურია და დარწმუნებული ვარ, ობიექტურმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ უნდა მიიღოს“ - აცხადებს ია კიწმარიშვილი. მან მოუწოდა ქიბარ ხალვაშს და „რუსთავი 2“-ის პოტენციურ მყიდველს, სასამართლო პროცესის დასრულებამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღონ.

"რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის ივლისში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG