Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მედია: კეზერაშვილის მოქრთამვის ბრალდება არ დადასტურდა


ისრაელში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დადასტურდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოქრთამვის სავარაუდო ფაქტი.

უფრო კონკრეტულად, გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს ისრაელის არმიის (IDF) გენერლის, სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ და გამოძიების ყველაზე სერიოზულ ბრალდებას სწორედ ქართველი მინისტრის მოქრთამვა წარმოადგენდა.

გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ჰირში გამართლებულია კორუფციის ბრალდებაში, რომელიც „საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებებს შეეხებოდა“.

თავად გალ ჰირში ბრალდებებს იმთავითვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„პოლიციის განცხადებით ქრთამის საქმეში მათ სამხილები ვერ ნახეს. ეს ბრალდება შეეხებოდა სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის საქმეს, რომლის ყოფილი თანამშრომელიც ამტკიცებდა, რომ ჰირშმა ქრთამი გადაუხადა საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რათ ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა ქვეყანაში. ამ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამხედრო ნაწილების წვრთნებში 2006 და 2008 წლებში, როდესაც კეზერაშვილი მინისტრი იყო“, - წერს გამოცემა.

თუმცა გალ ჰირში კვლავ ბრალდებულად რჩება და ბრალდებების ნაწილი გარკვეულწილად საქართველოსაც უკავშირდება.

„რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს - პოლიცია ამტკიცებს, რომ ჰირშმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რამდენიმე კომპანია უცხო ქვეყნებში, რათა Defensive Shield-ის მოგება, მიღებული საქართველოსთან 2007 და 2009 წლებში დადებული კონტრაქტებისგან, დაემალათ ისრაელის ხელისუფლებისთვის. კომპანიები პანამაშია დარეგისტრირებული, საბანკო ანგარიშები კი - შვეიცარიაში, აცხადებს პოლიცია“, - ვკითხულობთ THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ტექსტის თანახმად, 12 აგვისტოს პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ათობით მილიონი შეკელი გადაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ისრაელისა და სხვა ქვეყნების საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც Defensive Shield-ის თანამშრომლებთან არის აფილირებული“. არსებობს ეჭვი, რომ მათ სცადეს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შეცდომაში შეყვანა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს თავდაცვითი ხელშეკრულებებიდან მომდინარე თანხების მიღებაზე.

„სამხილები აჩვენებს, რომ განხორციელდა ყალბი რეპორტინგი და გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა ამ უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის წყაროს დასამალად“, - წერს გამოცემა.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ – 13 აგვისტოს ამ წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა 12 აგვისტოს, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. ვოლსკი ლაპარაკობს ასევე კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებაც.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი განცხადებები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 1 აგვისტოს მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებებით. თუმცა, არცერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ დამდგარა.

2017 წლის აგვისტოში კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით. 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას. კეზერაშვილსა და ნინუას გამოძიება 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა.

ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

XS
SM
MD
LG