საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საბიუჯეტო დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს, მათ შორის "რუსთავი 2"-ს ვალის ჩამოწერის მიზნით სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.
"იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. უსასრულოდ ეს ვერ გაიწელება. რა გადაწყვეტა იქნება, ამას შევიმუშავებთ მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა.
შეკითხვას, ხომ არ აპირებს მთავრობა საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწეროს ტელეკომპანია „იმედს,“ ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.
„რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა, 12 აგვისტოს განაცხადა, რომ კომპანიას ბიუჯეტისადმი 27 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საბიუჯეტო დავალიანების მიზეზად ასახელებს ყადაღას, რომელიც ტელეკომპანიას რამდენიმე წლის წინ, ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლო დავის წამოწყების შემდეგ დაუწესეს.