Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა არ აპირებს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსთვის, უფლებამოსილებების ჩამორთმევას


ვიტალი კლიჩკო
ვიტალი კლიჩკო

უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსთვის, აღმასრულებელი უფლებამოსილებების ჩამორთმევას.

როგორც პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ ჰროისმანის პრესსპიკერმა ვასილ რიაბჩუკმა დაწერა ფეისბუკზე 14 აგვისტოს, მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, არ ჩაერიოს ამ პრობლემაში, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ვიტალი კლიჩკოს შესაძლოა ჩამოართვან კიევის მერის უფლებამოსილებები.

„ჩემო კოლეგა ჟურნალისტებო, ყველას ერთად გიპასუხებთ. თავისი მოვალეობებიდან ვიტალი კლიჩკოს გათავისუფლების შესახებ კონსენსუსის საკითხი განხილულ იქნა მთავრობის წევრების მიერ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეეხება ამ საკითხს.“

რიაბჩუკს არ უხსენებია, შეიცვლება თუ არა კლიჩკოს მიმართ დამოკიდებულება კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაში. კიევის მერის თანამდებობასთან დაკავშირებით დაპირისპირებაა კლიჩკოსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ვიტალი კლიჩკოს ეს თანამდებობა 2014 წლის ივნისიდან უკავია. მისი უფლებამოსილებების ვადა ოქტომბერში იწურება.

24 ივლისს ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, გადააყენოს კლიჩკო, რომელმაც პირობა დადო, რომ „არ დანებდება“.

რადიო თავისუფლებისთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში კლიჩკომ თქვა, რომ ზელენსკის გუნდს „ავტორიტარიზმის სუნი ასდის“.

XS
SM
MD
LG