ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დედამთილს ფული მოჰპარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია დაახლოებით 5000 ლარზე. გამოსაცდელი ვადით 3-წლიანი პირობითი მსჯავრი - ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება.
პროკურორ ანა არონიას თქმით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა, ფული ამოღებულია და დაუბრუნდება დედამთილს.
„საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობის საფუძველზე მას წარედგინა ბრალი 177-ე მუხლის (ქურდობა) მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე. ამოღებული იყო ფულადი თანხა. თანხა დაუბრუნდება დაზარალებულს“, - განაცხადა ანა არონიამ.
14 აგვისტოს, მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
„LivePress“-ის ინფორმაციით, რძალმა, 29 წლის ნინო ჭითანავამ აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა. ამ დროს სახლში დედამთილი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი ქურდობის ბრალდებით 13 აგვისტოს დააკავეს.