Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვიჩოკის" კვალი კიდევ ერთი ბრიტანელი პოლიციელის სისხლში აღმოჩნდა


სერგეი სკრიპალის ყოფილი სახლი სოლსბერიში
სერგეი სკრიპალის ყოფილი სახლი სოლსბერიში

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი მომწამლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ბრიტანეთის აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში ჩართული კიდევ ერთი პოლიციელის სისხლში.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

სკოტლენდ-იარდის განცხადებით, პოლიციელს მოწამვლის ნიშნები თავიდანვე აღენიშნებოდა, თუმცა, მაშინ სისხლში „ნოვიჩოკის“ კვალი არ აღმოუჩენიათ, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სამსახურს დაუბრუნდა. პოლიციელის სისხლში მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო კვალი პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა საექსპერტო-კრიმინალისტურმა კვლევამ გამოავლინა.

დღემდე დადასტურებული იყო, რომ სერგეი და იულია სკრიპალების გარდა,„ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ პოლიციელი ნიკ ბეილი და სოლსბერის მახლობლად მცხოვრები ჩარლი როული და დონ სტერჯესი. ექიმებმა სტერჯესის გარდა ყველას გადარჩენა შეძლეს.

დიდი ბრიტანეთი სკრიპალებზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვლი იულია „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა, ანატოლი ჩეპიგამ და ალექსანდრ მიშკინმა. რუსეთი ამას დღემდე უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG