Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება ბათუმიდან დაიწყეს


მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბათუმი, 2019 წლის 16 აგვისტო
მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბათუმი, 2019 წლის 16 აგვისტო

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა ბათუმში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ბათუმში ორ დღეს დარჩებიან. 16 აგვისტოს ისინი მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებენ „ანბანის კოშკთან,“ ხოლო 17 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მალხაზ მაჩალიკაშვილს და მედიკო მარგოშვილს ხელმოწერების შეგროვებაში აქტივისტები ეხმარებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმიდან ზუგდიდში გაემგზავრებიან, შემდეგ ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოივლიან.

„ჩემი მთელი ოჯახიც რომ დაიჭირონ, ეს საქმე, ეს ბრძოლა მაინც ბოლომდე მივა. სახელმწიფომ უნდა აღიაროს ის შეცდომა, რაც ჩაიდინა მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ივნისში, თბილისიდან დაიწყეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ცნობით, ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვთ. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტში ინიციატივის წარსადგენად სულ მცირე 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. მათი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის ობიექტურად გამოძიებაა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო კომისიას შეუძლია იმის დადგენა, რომ მათი შვილი ტერორისტი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG