Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ამბობენ, რომ კონკურსი დამთავრდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება


ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი
ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შემაჯამებელი ბრიფინგი სასამართლოს ფასადის ბანერის ფონზე გამართეს - პერფორმანსის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ კონკურსი ფასადური იყო:

დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას. ჩვენ წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი და თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან. ამ პროცესის ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ნამდვილი, სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, თუმცა მე და ნაზი ჯანეზაშვილი მარტო აქ ვერაფერს შევძლებთ. დღეს ჩვენ შევძელით და გაჩვენეთ ის, რომ თქვენ წინაშეა მხოლოდ და მხოლოდ ფასადი და სინამდვილეში ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ, ფუყეა“,- განაცხადა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად „ფასადი“ სიმბოლურად გვერდზე გასწია, თუმცა დასძინა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ფასადის დანგრევა, ქართველი ხალხია.

თავის მხრივ, ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში ავტორიტეტული მმართველობაა.

„ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ რეალურად, სისტემაში არის ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც არის კონკურსანტი, ვერ შეძლო და ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ლევან მურუსიძე. ეს არის ფასადური, ყალბი კონკურსი და მას საერთო არაფერი აქვს კონკურენციასთან “, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი შეფასებით, პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 აგვისტოს დასრულდა. გასაუბრება 49 კანდიდატმა გაიარა, მათგან საუკეთესო 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრით უნდა გამოავლინოს. კენჭისყრა, წინასწარი ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG