Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარელები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ


გუგუტიანთკარში სადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც მივიდნენ.

ქეთევან გუგუტიშვილის სახლი საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ე.წ საზღვრის მიღმა რჩება. ქეთევან გუგუტიშვილის თქმით, 2013 წლის მარტის შუა რიცხვებში 11 ელჩი იყო ჩამოსული მისი კარ-მიდამოს სანახავად. 6 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

"მაშინ პირველად გაყვეს ჩემი ეზო და მავთულხლართები დაყარეს. რა შეიცვალა? ვინც გინდა მოვიდეს, [რუსები] თავიანთ საქმეს მაინც აკეთებენ. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ცქერა. ორი კვირაა სტრესის ქვეშ ვიმყოფებით მთელი სოფელი",- უთხრა ქეთევან გუგუტიშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

ადგილობრივები, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, მათ შორის საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების თვალსაზრისით. ამასთან, სთხოვენ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას მიაწვდინონ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

20 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 7 აგვისტოს დადგმულ ძელებს და მათზე 14 აგვისტოს გავლებულ ე.წ. სასაზღვრო ღობეს დღეს, 15 აგვისტოს კიდევ რამდენიმე ძელი დაამატეს.

საოკუპაციო ძალები ამ უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ გუგუტიშვილების და რაზმაძეების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცევენ. ძელებს მიღმა რჩება ამ ოჯახების ორი სახლიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დაინგრა და იქ დღეს არავინ ცხოვრობს. ამასთან, ეს ოჯახები მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობა, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

გუგუტიანთკარში იმყოფებიან ქართველი პოლიციელები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ევროპელი დამკვირვებლები საოკუპაციო ძალების ქმედებებს დოკუმენტურად აფიქსირებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის" გავლებისას ხელმძღვანელობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების რუკით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG