რუსეთში აქტივისტებმა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები გამართეს თავისუფალი არჩევნების მოწოდებით, რათა გვერდი აეარათ არასანქცირებული თავშეყრის შესახებ კანონისთვის. ინდივიდუალური დემონსტრანტები ერთმანეთისგან სულ მცირე 50 მეტრზე განლაგდნენ სამ სხვადასხვა ადგილას მოსკოვის ცენტში. მათ ხელში ეჭირათ საპროტესტო ბანერები მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციონერ კანდიდატთა დაშვების მოთხოვნით.
ზოგიერთი დემონსტრანტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, ბრალდება მოეხსნათ იმ პირებს, რომლებიც წინა არასანქცირებული დემონსტრაციების დროს დააკავეს. მოსკოვში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რეგულარულად იმართება საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის ზოგიერთ კანდიდატს უარი უთხრა სექტემბერში მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილოებაზე.
პოლიციამ ძალა გამოიყენა აქამდე გამართული დემონსტრაციების დასაშლელად, რომლებსაც მან „უკანონო მასობრივი შეკრებების“ კვალიფიკაცია მისცა. მთლიანობაში პოლიციამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში 2000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის. „მასობრივი არეულობების“ მოწყობის ბრალდებები წაუყენეს ათამდე ადამიანს. ეს რუსეთში ყველაზე დიდი ხანგრძლივი მასობრივი გამოსვლებია 2011-2013 წლების დემონსტრაციების შემდეგ, როცა ხალხი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა.