სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა. მონიტორნგი ცხადყოფს, რომ ყველაზე ხშირია დეზინფექციის ნორმების დარღვევა. სულ შემოწმდა 95 კლინიკა და მათში 38 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განმარტა, რომ დარღვევების მქონე კლინიკებს მიეცათ ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებები სასამართლოში გაიგზავნა, სადაც გადაწყდება ჯარიმების ოდენობა.
"დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა ამ ეტაპზე. პრობლემა თანაბრად არსებობს თბილისსა და რეგიონებში. ასევე, გამოვლინდა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. კლინიკების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", აცხადებს ზაალ კაპანაძე.
სტერილიზაციისა და დეზინფექციის სტანდარტების დარღვევების შემთხვევები ყველაზე ხშირად უკავშირდებოდა სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციას, სადეზინფექციო აპარატურის მუშაობასა და ხსნარებს.
მონიტორინგის შედეგად შემოწმდა როგორც პოლიკლინიკები, ასევე ამბულატორიულ დაწესებულებები და სტომატოლოგიური კლინიკებშიც.
ზაალ კაპანაძის თქმით, იყო შემთხვევები, როცა ექიმები სერტიფიკატის გარეშე მუშაობდნენ სამედიცინო დაწესებულებებში.
მონიტორინგი წინასწარი გაფრთხილების გარეშე თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. გადამოწმდა ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან და სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები.