სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის უკანონო მშენებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც აპატურაი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, ოკუპირებული სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადაწევა არალეგიტიმური პროცესია.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერილმა დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოს სოფელ გუგუტიანთკარში ღობის დამონტაჟება და გადაწევა განაახლა. ეს დამატებით სირთულეს ქმნის, ვინადიან ადამიანები წყდებიან თავიანთ მიწებს, ოჯახებსა და მეგობრებს. ეს არის, ასევე, არალეგიტიმური. ნატო აგრძელებს მოწოდებას, რათა დასრულდეს მსგავსი ქმდებები და საპირისპიროდ შეიცვალოს. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს,” - წერს ჯეიმს აპატურაი.
7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.
19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.