Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების მეთვალყურეთა რაოდენობით რეკორდის დამყარებას აპირებენ


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ირწმუნებიან, რომ 25 აგვისტოს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს პირველად დააკვირდებიან გერმანიის პარლამენტის წევრები.

დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევონ გალუსტიანმა სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ გერმანელი დეპუტატების გარდა, არჩევნებს მეთვალყურეობას პირველად გაუწევენ ჩინეთის წარმომადგენლებიც. გალუსტიანის თქმით, 25 აგვისტოს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობით რეკორდს დაამყარებენ. ლევონ გალუსტიანის ინფორმაციით, აფხაზეთში ჩადიან ევროპარლამენტის დეპუტატებიც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის შესახებ სიმართლის გასავრცელებლად“ - აცხადებს დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ამასთან, გალუსტიანს არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ დააკვირდება ე.წ. არჩევნებს მაგალითად, გერმანიიდან, ან ევროპარლამენტიდან. გალუსტიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პროცესში ევროპელი და ჩინელი მეთვალყურეების ჩართვა შარშან შექმნილი საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის, „აფხაზეთის მეგობართა ლიგის“ მუშაობის შედეგია. ეს მოძრაობა არაფორმალური გაერთიანებაა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს.

ლევონ გალუსტიანის ინფორმაციით, 22 აგვისტოს აფხაზეთში ჩავლენ მეგობარი ქვეყნების დამკვირვებლები. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მეგობარი ქვეყნების მეთვალყურეებს შორის დაასახელა რუსეთის დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმის და რუსეთ-ბელორუსის საპარლამენტო კრების წარმომადგენლები. გალუსტიანის თქმით, რუსეთის დუმის დელეგაციას უხელმძღვანელებს „აფხაზეთის დიდი მეგობარი“ კონსტანტინ ზატულინი.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებს 54 უცხოელი მეთვალყურე დააკვირდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად კენჭს იყრის 10 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG