Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანული ტანკერის გამო საბერძნეთს აფრთხილებს


გიბრალტარის პორტიდან გასვლის შემდეგ ირანულ ტანკერზე პანამის დროშა ირანის დროშით შეცვალეს
გიბრალტარის პორტიდან გასვლის შემდეგ ირანულ ტანკერზე პანამის დროშა ირანის დროშით შეცვალეს

აშშ-მა საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის ყველა პორტი გააფრთხილა შედეგებზე, რომელიც ირანული სუპერტანკერისთვის დახმარების გაწევას მოჰყვება.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ირანული ტანკერისთვის ნებისმიერ დახმარებას ვაშინგტონი განიხილავს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერად.

ამ ორგანიზაციის კუთვნილ ტანკერს სავარაუდოდ, სირიაში მიაქვს ორ მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.

საზღვაო ხომალდების მარშრუტების სამეთვალყურეო სისტემების მონაცემებით, ირანული ტანკერი Adrian Dariya 1, რომელიც მანამდე იწოდებოდა როგორც Grace 1, საბერძნეთის საპორტო ქალაქის, კალამატისკენ მიემართება. საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ.

ირანულმა ტანკერმა 18 აგვისტოს დატოვა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი გიბრალტარის პორტი, სადაც ივლისის დასაწყისში დააკავეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სავარაუდო დარღვევისთვის.

მიუხედავად აშშ-ის მოთხოვნისა, რომ დაკავებული ტანკერი არ გაეთავისუფლებინათ, გიბრალტარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამას ვერ გააკეთებს, რადგან ევროკავშირის სანქციები ამერიკულზე უფრო სუსტია და ირანულ ნავთობზე სრულ ემბარგოს არ ითვალისწინებს.

თავის მხრივ, თეირანმა პირობა დადო, რომ ნავთობს არ დაცლის იმ პორტებში, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამასთან, ირანი დღემდე არ ამბობს, საით მიემართება მისი სუპერტანკერი.

გიბრალტარის პორტიდან გათავისუფლების შემდეგ ტანკერზე ირანის დროშა აღმართეს. მანამდე ტანკერი პანამის დროშით ცურავდა.

XS
SM
MD
LG