Accessibility links

უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის ქალიშვილის წინააღმდეგ ახალი საქმეები აღიძრა


გულნარა ქარიმოვა

უზბეკეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის ახალი საქმეები აღძრა ქვეყნის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქალიშვილის, 47 წლის გულნარა ქარიმოვას წინააღმდეგ.

ამჯერად, საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების მიტაცებას, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გარიგებას და ქონების გამოძალვას.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეთა აღძვრას საფუძვლად დაედო მოქალაქეებისა და საერთაშორისო კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის შემოწმებისას მოპოვებული მასალები.

პროკურატურის მონაცემებით, გულნარა ქარიმოვამ სხვა პირებთან გარიგებით, იაფად შეიძინა სახელმწიფოს კუთვნილი ცემენტის მწარმოებელი ქარხნების აქციები, რომლებიც შემდეგ უცხოელებს მიჰყიდა და მათ უკანონო საქმიანობას მფარველობდა, რითიც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. ქარიმოვას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მოქალაქეებს და კომპანიებს მუქარით აიძულებდა ქონება მისი კომპანიებისთვის გადაეცათ.

გულნარა ქარიმოვას ადვოკატმა რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა.

2013 და 2015 წლებში გულნარა ქარიმოვას წაუყენეს ფულის გათეთრების და გამოძალვის და გადასახადების დამალვის ბრალდებები. 2017 წელს, ტაშკენტის სასამართლომ ქარიმოვას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, სასამართლომ მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალა, თუმცა, 2019 წლის მარტში, შინაპატიმრობის პირობების დარღვევის მოტივით, ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG