რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების გამო საჯარო რეესტრს უჩივლეს. ამის შესახებ ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ყოფილი მფლობელები ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშის საკუთრებად დარეგისტრირდა.
დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იმ დრომდე, სანამ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში არ გასაჩივრდებოდა და დიდი პალატა ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
"ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნას განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში რუსთავი 2 შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.