დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწინააღმდეგებიან ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოების ჯგუფის(G7), ე.წ. „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნებას.
მერკელმა და ჯონსონმა ოფიციალური პოზიცია გამოხატეს G7-ის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 24 აგვისტოს იხსნება საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.
21 აგვისტოს, ბერლინში, ბორის ჯონსონთან შეხვედრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის დაბრუნება ნაადრევია, რადგან გაერთიანებიდან მისი გარიცხვის მიზეზი არ ამოწურულა. რუსეთს ეს ჯგუფი 2014 წელს დაატოვებინეს ყირიმის ანექსიის გამო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის პოზიციას დაეთანხმა. ბორის ჯონსონმა უკრაინის გარდა, მიზეზად დაასახელა ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა.
21 აგვისტოს, ტელეკომპანია CNN-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირეს რუსეთის მიწვევას G7-ის მომავალ, 2020 წლის სამიტზე.
თუმცა, იმავე დღეს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დაძლევის გარეშე რუსეთის დაბრუნება სტრატეგიული შეცდომა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სისუსტის გამოვლინება იქნება.
G7-ის წევრები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია. რუსეთი ამ გაერთიანებაში 90-იანი წლების ბოლოს მიიწვიეს.