თანამდებობიდან გადადგა გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი. ვიცე-მერად 21-თვიანი მუშაობის შემდეგ, სუხიშვილმა სამსახურიდან წასვლის განცხადება თავად დაწერა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სამუშაოდ თბილისში, განათლების სამინისტროში გადადის.
ეკა სუხიშვილის გადადგომის სხვა მიზეზს ასახელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლები. საკრებულოს წევრის, ვასილისა ჯაბახიძის მტკიცებით, სუხიშვილს გადადგომა აიძულეს გორში წარუმატებლად ჩატარებული მოდის კვირეულის გამო, რომელსაც მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეკა სუხიშვილი ერთი თვით ადრე უწევდა რეკომენდაციას გორში ფეშენ უიკის ჩატარებას გუბერნატორის დავალებით. იმის გამო რომ ეს ღონისძიება ჩავარდა, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო იყო და თან, მას ემსხვერპლა კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მერიას ეკისრებოდა. ამ ფაქტს შესწირეს ეკა სუხიშვილი და ვითომ სხვა უწყებაში გადაყვანით გააჩუმეს, რომ წასვლის შემდეგ დარღვევებზე არ ელაპარაკა“ - განაცხადა ჯაბახიძემ.
ეკა სუხიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩია, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
„მათი ეს განცხადება სასაცილოა. მე მივმართავ ოპოზიციას, ჩემო ძვირფასებო, ადამიანობა ყველაზე მთავარია, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიაში ხართ და რომელ სკამზე ისხდებით. როგორც პროფესიით ექიმი, ერთ რჩევას გეტყვით - ჯანმრთელობისთვის ბოღმა, ბოროტება და შური საზიანოა. გაუფრთხილდით გულს, გაიღიმეთ, იყავით უფრო ლმობიერები და გაეცით სიყვარული, თუ გინდათ, რომ დიდხანს იცოცხლოთ“ - განაცხადა ეკა სუხიშვილმა 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
24 ივლისს, გორის კლინიკაში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, 57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი, რომელიც ორი დღით ადრე მძიმედ დაშავდა სატვირთო ავტომანქანიდან მოდის კვირეულისთვის განკუთვნილ ბანერთან ერთად გადმოვარდნის შედეგად.