ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ანატოლი კარპოვი მარტის შემდეგ ცდილობს მოიპოვოს აშშ-ის არაემიგრანტის ვიზა, რათა ნიუ-იორკში დაგეგმილ საზაფხულო ბანაკში ლექციები წაიკითხოს. ის აშშ-ში მიიწვია ასევე მოჭადრაკემ და კარპოვის მეგობარმა, მაქსიმ დლუგიმ, რომელიც საჭადრაკო აკადემიის მფლობელია.
კარპოვი, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, მისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკეა. ის 1972 წლიდან რეგულარულად სტუმრობდა აშშ-ს.
"[კარპოვი] მოულოდნელად გამოიძახეს ინტერვიუსთვის მოსკოვში მდებარე საელჩოში და ჰკითხეს: 'აპირებ დაელაპარაკო ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს? ეს უნდა შევამოწმოთ'" - უთხრა დლუგიმ სააგენტო "როიტერსს".
კონგრესის წევრის, კეროლინ მალოუნის და სენატორ ჩაკ შუმერის წარმომადგენლები, რომლებიც კარპოვის ვიზის სტატუსის თაობაზე დაუკავშირდნენ მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს, ამბობენ, რომ კარპოვის სავიზო განაცხადი კვლავ განხილვის პროცესშია. მალოუნის ოფისისთვის 2 ივლისს მიწერილ წერილში საელჩოს სამდივნო წერს, რომ "ეს განხილვა ვერ გაუქმდება, ვერც დაჩქარდება, რადგან ის უმნიშვნელოვანესია ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისთვის". საელჩოს განცხადებით, კარპოვს შედეგს შეატყობინებენ "ამ პროცესის დასრულებისთანავე".