„ჩვენ ვაგრძელებთ ბროლას მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების მიმართულებით, როგორც შევპირდი საზოგადოებას, ეს მოხდება სექტემბერში“, - აცხადებს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას ბრალის დაზუსტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ხაზარაძის თქმით, ახალ მოძრაობას უამრავი ახალგზრდა პროფესიონალი უერთდება. როგორც ბიზნესმენი ამბობს, იქ არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმიდან.
„ეს აბსოლუტურად ახალი ძალა იქნება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. ბოლო 9+9 წლების განხილვებით არის მთელი საზოგადოება დაკავებული და ერთდღიანი შოუებით. მე გეუბნებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - ამ სიტყვებით დაასრულა მამუკა ხაზარაძემ ვრცელი საუბარი.
ბიზნესმენმა განმარტა ის მიზეზებიც აქამდე, რატომ არ დააფუძნა მოძრაობა.
„ვიღაცები ამბობენ, რომ თითქოს იმიტომ დავიწყეთ მოძრაობა, რომ რაღაცას ამოვეფაროთ. ჩვენ ეს მოძრაობა შეგვეძლო დაგვეწყო იანვარში, როდესაც პირველი შეტევა იყო; დეკემბერში, როდესაც პირველად დაგვიბარეს; თებერვლში, თუნდაც მაისში. მაგრამ არ გაგვიკეთებია, სანამ ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ. ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადეთ მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების გეგმების შესახებ“, - თქვა ხაზარაძემ. ის მზად არის, წარმოადგინოს 29-წლიან საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. თუმცა ამბობს, რომ ასე უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ყველა ბანკმა და ყველა დამფუძნებელმა - ვინ, როგორ მუშაობდა.
„საზოგადოება გაიგებს ძალიან ბევრ სიახლეს. ასე არ დამთავრდება ეს. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთი“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმიანობა დეტალურად არის შესწავლილი.
„მე მინდა გითხრათ, რომ 24 ივნისს ლონდონში იყო აქციონერთა კრება. მანამდე ჩემი და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, ჩვენი სერვერები, ჩვენი კომპიუტერები, რომ ცივილიზებულ სამყაროში, იქ, სადაც სამართალი სამართალია, მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, დეტალურად შეემოწმებინათ ბოლო 15 წლის ყველაფერი - ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია“, - თქვა ხაზარაძემ.
დასკვნის მომზადების შემდეგ კი, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, აქციონერებმა ის და ბადრი ჯაფარიძე კვლავ აირჩიეს, 98%-ით.
„გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხის მართვა, რომელიც მათია TBC ბანკში. 20 მილიარდზეა საუბარი“, - შენიშნავს ხაზარაძე და განაგრძობს - „ფულს განდობს 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი. დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა. ვართ ცამდე მართლები“.
ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაზარაძის თქმით, პროკურატურამ პროცესი თავიდან დაიწყო, რადგან შოკში ჩავარდა.
22 აგვისტოს ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები იყვნენ TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.