„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას“, - წერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუკის“ გვერდზე.
ის ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ სამომავლო გეგმებზეც წერს და ამბობს, რომ ახალი არხისთვის შენობაც აქვთ და ტექნიკაც:
„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას. ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.
ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო („რუსთავი 2“ ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მით უმეტეს.
ვიწყებთ სექტემბერში. „კურიერს“ როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.
ნუ შინდებით და ნუ აჰყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ“.
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, მომავალი კვირიდან იწყება ხელშეკრულებების გაფორმება ჟურნალისტებთან:
„ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.
ერთი დღით ადრე, 20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.
20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მას შემდეგ საინფორმაციო გამოშვენა "კურიერი" ეთერში აღარ გასულა.
მომდევნო დღეებში ტელეკომპანია დატოვეს სხვადასხვა გადაცემის წამყვანებმა და პროდიუსერებმა, მათ შორის "შაბათის შუადღის" წამყვანებმა, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მთელმა გუნდმა, "სხვა შუაღამის" პროდიუსერებმა.