Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფულის გათეთრების“ საქმე აგვისტოს ომის კვალდაკვალ - რას ედავებიან ავთო წერეთელს?


მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმესთან დაკავშირებული ისტორია 11 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. საკომიტეტო მოსმენაზე ხაზარაძის გამოსვლით თუ ვიხელმძღვანელებთ, ამჟამად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გადამწყვეტი გავლენა იქონია რუსეთ-საქართველოს ომმა, ასევე 2008 წლის სექტემბრიდან დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა.

საქმე, რომელსაც დღეს გენერალური პროკურატურა „ფულის გათეთრების“ კვალიფიკაციას აძლევს, სათავეს იღებს 2007 წელს.

იმ დროს, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, TBC ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა (ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბანკი მარეგულირებლის მიერ დაწესებულ ჩარჩოში ვერ ჯდება და კრედიტების გასაცემად კაპიტალის გაზრდის აუცილებლობის წინაშე დგება). 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ 2007 წლის მდგომარეობას „კარგი პრობლემა“ უწოდა, რადგან მუშაობის გასაგრძელებლად დამატებითი თანხის მოძიება იყო საჭირო. ნაცვლად იმისა, რომ TBC ბანკისთვის დამატებითი კაპიტალის მოსაძიებლად დრო მიეცათ, თავად ხაზარაძის ინფორმაციით, 2007 წელს ეროვნული ბანკის ბრძანებით, მას გაჩერება მოუხდა. შედეგად TBC ბანკმა, როგორც ხაზარაძე ჰყვება, დაიწყო ბაზარზე პოზიციების დაკარგვა.

გამოსავალი ახალი ინვესტორის შემოყვანა იქნებოდა იმისთვის, რომ ბანკი განვითარებულიყო. TBC ბანკმა Allied Irish Banks-თან გადაწყვიტა თანამშრომლობა, რომელიც მზად იყო 20%-იანი წილით შესულიყო TBC-ში. ირლანდიელებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კაპიტალი საკუთარი თანხით უნდა გაეზარდათ, თუმცა პარტნიორი ამ თანხის „გადაფინანსირების“ ვალდებულებას იღებდა. საქმე ეხებოდა 80 მილიონ აშშ დოლარს.

ავთო წერეთლის როლი

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, როგორც ხაზარაძემ გაიხსენა, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად დაიწყო მუშაობა ამ თანხის მოსაძიებლად, თუმცა ზურგს სწორედ, ირლანდიური ბანკის გარანტია უმაგრებდათ.

შედეგად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამერიკული კომპანია JPMorgan-სგან 60 მილონი დოლარის პერსონალური კრედიტი აიღეს. 10-10 მილიონი დოლარის გამოსაყოფად მზად იყო TBC ბანკის კიდევ ორი უცხოელი აქციონერი. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს კაპიტალის 100 მილიონამდე გასაზრდელად 20 მილიონი დოლარი დააკლდათ. 3 მილიონი დოლარი მათ ასესხა „ბორჯომის“ იმდროინდელმა ფრანგმა გენერალურმა დირექტორმა.

17 მილიონისათვის კი მიმართეს ორ ქართველ ბიზნესმენს, ერთ-ერთი მათგანი იყო ავთო წერეთელი. მეორის დასახელებისგან ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე თავი შეიკავა.

„ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით. ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მაღაზიის გახსნის დროს ხელს გვიმართავდა, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე. არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი, რა თქმა უნდა, ისინი TBC ბანკთან დაკავშირებული არ ყოფილა“, - ასე ახასიათებს ხაზარაძე „TV პირველის“ მფლობელის მამას.

2008 წელს ავთო წერეთელმა ხაზარაძესა დ ჯაფარიძეს მოკლევადიანი, 17%-იანი სესხი მისცა, რომელიც ამჯერად იურიდიულადაც გაფორმდა. აგვისტოს შუა რიცხვებში კი უცხოელ პარტნიორებთან კაპიტალის მოძიების შესახებ გარიგება უნდა დახურულიყო. თუმცა დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი და ყველფერი თავდაყირა დადგა.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არ თქმულა, იმ დროს საქართველოში ბანკები პრაქტიკულად გაკოტრდნენ.

ომის მიუხედავად, ირლანდიელებმა სიტყვა არ გატეხეს და შეთანხმების შესრულების მზადყოფნა გამოთქვეს. 15 სექტემბრამდე, როდესაც თანხის ჩარიცხვა უნდა დაწყებულიყო, საფინანსო სექტორს თავს დაატყდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. Allied Irish Banks გაკოტრებულად გამოცხადდა.

როგორც ხაზარაძემ თქვა, ის და ბადრი ჯაფარიძე უზარმაზარი ვალის წინაშე აღმოჩნდნენ. როგორც თავად ამბობენ, სწორედ, ამ დროს შეიტყვეს, რომ თანხა, რომელიც ავთო წერეთელმა მათ ასესხა, TBC ბანკიდან ჰქონდა აღებული (მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ავთო წერეთელს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელს, TBC ბანკიდან ჰქონდა 35 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი, რაც კრედიტის აღებისას უზარმაზარ პრივილეგიას ანიჭებდა).

TBC ბანკის დამფუძნებლის მონაცემებით, მთლიანობაში, ქვეყანაში ბანკებს 800 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე საკრედიტო ხაზი „გაუფუჭდათ“.

„უზარმაზარი პრობლემის მიუხედავად, რატომღაც მხოლოდ 17 მილიონთან დაკავშირებული საკითხით ინტერესდებიან“, - ასე შეაფასა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის ქმედებები.

კონკრეტულად ავთო წერეთლისგან აღებული სესხი კი იმ თანხის მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, რომელთან დაკავშირებითაც TBC ბანკი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ხაზარაძეს და ჯაფარიძეს TBC ბანკის 60%-იანი წილის დათმობა მოუხდათ და მხოლოდ 20% დარჩათ.

„საბოლოოდ, ჩემი და ბადრის გარდა, ბანკს არავინ ჰყოლია დაზარალებული“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

იმ დროს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკი შეამოწმა, თუმცა შეკითხვა არ გასჩენია. ბანკისთვის წითელი ალამი არც ცნობილ აუდიტორულ კომპანიას PricewaterhouseCoopers-ს აუწევია. ამასთან, თითოეულმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, რომლებმაც 2009 წელს TBC ბანკში ფული დააბანდეს, ბანკი ცალ-ცალკე შეამოწმეს.

პროკურატურის გამოჩენა

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პრობლემების წინაშე აღმოჩენა ემთხვევა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას (2018 წლის 13 ივნისი).

2018 წლის ივნისიდან მოყოლებული TBC ბანკში ოთხი სახელმწიფო უწყება შევიდა - ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი.

„ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ გვქონია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ ოფიციალური უწყებების საქმიანობის შეფასებისას.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, საბანკო სექტორს ექვს წელზე ხანდაზმული დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება არ აქვს, თუმცა ბანკის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ არაფერი იყო დასამალი და 11 წლის განმავლობაში შეგროვებული ყველა დოკუმენტი გადასცა ოფიციალურ უწყებებს.

ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. როგორც თავად იხსენებს, საუბრის ბოლოს ანაკლიის პროექტი ახსენა და დასძინა, რომ 2019 წლის 19 იანვარს იგეგმებოდა ჰოლანდიის და გერმანიის სახელმწიფო ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისად, „ფულის გათეთრების“ თემაზე ინფორმაცია არ უნდა გახმაურებულიყო. ბიზნესმენის თქმით, მოსამართლემ მას დაუდასტურა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, 9 იანვარს პროკურატურა მედიის წინაშე ამ საქმის შესახებ განცხადებით გამოვიდა. ამას წინ უძღოდა მედიაში გაჟონილი ინფორმაცია. საბოლოოდ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს და 16 664 000 დოლარის ეკვივალენტი ქონება დაუყადაღეს.

რატომ „ფულის გათეთრების“ მუხლი

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურის სქემას ასე განმარტავს: „წამოსცდა პროკურატურას, რისთვის დასჭირდა ეს. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ფორმით ყადაღის დადების შესაძლებლობას, როდესაც არაფრის მტკიცება არ გჭირდება. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის. ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს“.

ზვიად კორძაძის შეფასებით, პროკურატურის ვერსიის თანახმად, გამოდის, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თითქოს საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუეს თანხა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, „ფულის გათეთრება“ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, რაც ნიშნავს უკანონო გზით ნაშოვნი ფულისთვის თუ ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას, ან/და მასზე ქონებრივი უფლების დამალვას.

უკანონო საქმიანობად მიიჩნევა იარაღით უკანონო ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კორუფცია, კომპიუტერული მაქინაციები და სხვა. უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების კანონიერ სივრცეში გადატანას ძირითადად კრიმინალური წრეები მიმართავენ, მისი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე კი დამანგრეველია.

პროკურატურის პოზიცია

22 აგვისტოს ბრალდებულთა სიას შეემატა ავთო წერეთელი. მას ბრალად ედება 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარება, რომელიც პროკურატურის ვერსიით, ჯგუფურად არის ჩადენილი.

ბიზნესმენი ავთო წერეთელი კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ის თანამფლობელია. ოფიციალური ცნობით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სწორედ, ამ კომპანიებისთვის გაცემული სესხის გამოყენებით ჩაიდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

როგორც წერეთელი ამტკიცებს, მან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს თანხა, მას შემდეგ ასესხა, რაც მის განკარგულებაში გადავიდა, შესაბამისად, ეს საკუთარი ფული იყო.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემის შემდეგ „TV პირველის“ დამფუძნებელმა, ავთო წერეთლის შვილმა, ვახტანგ წერეთელმა თქვა: „ერთი შეკითხვის დასმა მინდოდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე? პასუხი ვერ მივიღე. მოსამართლემაც გამაჩერა. მითხრა, რომ არ მქონდა უფლება შეკითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი“.

გამოძიების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა: 2008 წლის აპრილ-მაისში TBC ბანკმა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე: "სამგორი M”-სა და "სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. იმავე დღეს ეს თანხა უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე, მაშინ, როდესაც კომპანიებს TBC ბანკიდან სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა სესხის გადასაცემად.

„ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების შესახებ.

პროკურატურის თანახმად, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა სრულიად უსაფუძვლოდ გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, TBC ბანკმა:

  • აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;
  • საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;
  • არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;
  • არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

პროკურატურა განმარტავს, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M”-ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება

პროკურატურის ცნობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო TBC ბანკისთვის 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება. ამის პარალელურად TBC ბანკმა გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს "სამგორი თრეიდსა" და "სამგორი M"-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, TBC ბანკი განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას, 2012 წელს კი აღნიშნული კომპანიები საერთოდ გაათავისუფლა არსებული სასესხო ვალდებულებებისაგან.

სექტემბერში მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას გეგმავს. პროკურატურაში ბრალის დაზუსტების გამო გამოცხადების შემდეგ კი მომავალი პოლიტიკური მიზნების შესახებაც ისაუბრა.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG